"ოცნება" იყენებს ამაზრზენ და უმსგავსო ინსტრუმენტებს განსხვავებული ხმის ჩასახშობად - ჯაფარიძე
"ამაზრზენი და უმსგავსო" - ასე უწოდებს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისთვის სისხლიანი ანგარიშსწორების მოწყობის ფაქტებს და ახალგაზრდების განსხვავებული ხმის ჩახშობის მცდელობას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების უკან დასანქცირების პირას მყოფი ივანიშვილის გუნდი დგას, რომელსაც ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყნის საგარეო კურსი ოკუპანტი რუსეთისკენ აქვს აღებული.
"სანქციების პირველი ტალღაც ქართველი ხალხის მხარდაჭერას ემსახურებოდა" - ამბობს "ლელოს" ლიდერი და იქვე დასძენს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადება ცივილიზებული სამყაროსთვის ოლიგარქის ხელისუფლების წარმომადგენლების არასასურველ პირებად წარმოჩენას ემსახურებოდა.
ჩვენი სტრატეგიული მეგობრები აგრძელებენ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს. სანქციების პირველი ტალღაც ქართველი ხალხის მხარდაჭერას ემსახურებოდა. "ქართული ოცნება" დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ემსახურება რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს. ისინი იყენებენ ძალმომრეობას განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანების მიმართ, იყენებს ამაზრზენ და უმსგავსო ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ ჩაახშოს განსხვავებული ხმა. ჩაგრავს ახალგაზრდებს და ამისთვის ძალადობრივ ჯგუფებს იყენებს. ამ შემთხვევაში, ქართველი ხალხის მხარდაჭერის ნაბიჯი იყო, როდესაც "ოცნების" თვალსაჩინო წარმომადგენლები დასანქცირდნენ. ეს არ არის მხოლოდ ვიზების შეზღუდვა, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ხალხი არ არის სასურველი შტატებისთვის. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში "ოცნება" რაიმეს გააკეთებს", - ამბობს ჯაფარიძე.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.