"არ ხართ ღირსი, იჯექით ახლა მასე, ჩამოგეჭრებათ ხელფასი" - პაპუაშვილის სანქცია აქუბარდიას და გახარებული "ოცნების" დეპუტატები

11.06.24 15:34
"არ ხართ ღირსი, იჯექით ახლა მასე, ჩამოგეჭრებათ ხელფასი" - პაპუაშვილის სანქცია აქუბარდიას და გახარებული "ოცნების" დეპუტატები

"ოცნების" წევრები კვორუმის არარსებობას და სხდომის 3 საათით დაგვიანებას ოპოზიციას აბრალებს. ამ მიზეზით, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია დასაჯა და მას მიკროფონი არ ჩაურთო.

მეტიც, პაპუაშვილი აქუბარდიას გაუვლელი რეგისტრაციიების გამო დაემუქრა და უთხრა, რომ თვის ბოლოს ხელფასს ჩამოაჭრის.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას დარბაზში "ოცნების" დეპუტატების გამხიარულება და ოვაციები მოჰყვა.

იჯექით ახლა მასე, არ ხართ ღირსი, ქალბატონო თეონა, რეგისტრაცია რომ არ გაიარეთ, მაგიტომ არ ირთვება თქვენი მიკროფონი.

თქვენ არასერიოზულობას ხომ ხედავთ ქალბატონო თეონა სადამდე მივყავართ, მეორე, დღეს ჩვენ გვქონდა სამი რეგისტრაცია არცერთი არ გაიარეთ. ეს გიგროვდებათ, როგორც რეგისტრაციის არ გავლა და თვის ბოლოს ჩამოგეჭრებათ ხელფასი.

თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი, მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს, არ გაიაროს რეგისტრაცია - დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე. ასე რომ, თუ პარლამენტში თქვენი პოლიტიკური საქმიანობის კულტურა ასე გესმით, რა თქმა უნდა, შეიძლება ამის საპასუხოდაც მიიღოთ ასეთივე დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, რეგისტრაციის არ გავლით უმრავლესობას არც ემატება და არც აკლდება. ამით თქვენ ამომრჩეველს აყენებთ ცუდ მდგომარეობაში, სამშაბათის დღეს უმრავლესობამაც იმავე მეთოდით რომ გიპასუხოთ, დაგტოვოთ პოლიტიკური განცხადებების გარეშე და სხდომა დავიწყოთ ოთხშაბათს-ხოლმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს პაპუაშვილის მსგავსად, ბექა ოდიშარიაც ცდილობდა, რომ კვორუმის არარსებობა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციისთვის გადაებრალებინა.

თქვენ მოიკითხეთ მავნებელი ოპოზიციის ამბავი, რატომ არ არიან დარბაზში? პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს შინაარსის, მიზეზის გარეშე ბოიკოტს. ჩემთვის გასაგებია, რატომ არიან ბოიკოტში. მათ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვაში, რომელიც შეეხება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას. ისინი ემხრობიან ამ პროპაგანდას. რა თქმა უნდა, უჩუმრად. თუ მიემხრობიან ჩვენს კანონპროექტს, აუცილებლად მიიღებენ ალიყურს დონორებისგან და რა თქმა უნდა, გაებუზებიან მათ ის NGO-ები, როლებიც მსუყედ იკვებებიან ამ მიმართულებით", - განაცხადა ოდიშარიამ.

დღეს პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. შალვა პაპაშვილმა სხდომაზე რეგისტრაცია ორჯერ გამოცხადა, თუმცა ორჯერვე ეს მცდლეობა უშედგოდ აღმოჩნდა - კვორუმი არ შედგა. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებიან. მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

 

 

მსგავსი სიახლეები