არ იყო შემთხვევითი შეხვედრა. ჩემი ინფორმაციით, ხაბიბმა დიდძალი ქონება შეიძინა ბათუმში - კუროპტევი

01.07.24 17:07
არ იყო შემთხვევითი შეხვედრა. ჩემი ინფორმაციით, ხაბიბმა დიდძალი ქონება შეიძინა ბათუმში - კუროპტევი

"ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა, ჩვენ ვნახეთ ფოტო რესტორნიდან, სადაც ჩანს, რომ ისინი საუბრობენ. დასაზუსტებელია, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ხაბიბმა დიდძალი ქონება შეიძინა ბათუმში", - ამის შესახებ "პირველებს" ფონდ "თავისუფალი რუსეთის" კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი იგორ კუროპტევი უყვება.

კუროპტევის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ UFC-ის ჩემპიონს ბათუმში აქვს უძრავი ქონება შეძენილი, შესაბამისად, ვარაუდობს, რომ მას ექნება კვლავ კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ქონება, რომელიც მდებარეობს ცნობილ საცხოვრებელ კომპლექსებში და მას იქ, როგორც ვიცი, რამდენიმე სართული აქვს. ასე, რომ მისი კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან ერთჯერადი შეხვედრებით არ შემოიფარგლება. ის არ არის კრემლის პროპაგანდისტი, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტები გააჩნია, მათ შორის, რამზან კადიროვთან და მათ შორის, იმ ხალხთან, ვინც მხარს უჭერენ მკვლელობებს. მის ფაქტორს რუსეთი ხშირად იყენებს ჩრდილოეთ კავკასიაში სხვადასხვა მოვლენის დროს," - ამბობს კუროპტევი.

კობახიძე კადიროვის ახლო მეგობარს საგანგებო მისიით შეხვდა - ეს ვერსია აქვს ფონდ "თავისუფალი რუსეთის" კავკასიის ოფისის ხელმძღვანელს. იგორ კუროპტევი "პირველებთან" ინტერვიუში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისთვის, რომელიც პუტინთან პირდაპირ კავშირზეა, კობახიძეს კონკრეტული სათქმელი ჰქონდა.

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა, გუშინ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით გამოჩნდა საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს. 

პარალელურად, ნურმაგომედოვი აქვეყნებს ვიდეომასალას, საქართველო-ესპანეთის მატჩის მიმდინარეობიდან. ამ მასალაში კარგად ჩანს, რომ რუსი ყოფილი მებრძოლი ქართულ სამთავრობო ლოჟაში ზის. პრეზიდენტის, პრემიერის და თბილისის მერის უკან.

რა მიზნით შეხვდა ირაკლი კობახიძე დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს? - "პირველებმა" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა - კითხვის საპასუხოდ, კობახიძის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კობახიძე და რუსი მებრძოლი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ.

მისცემენ თუ არა ქართულ პასპორტს დაღესტნელ მებრძოლს, UFC-ის ჩემპიონს, რომელსაც რუსეთი დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში ამხელს - "პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში პასუხობენ, რომ მოქალაქეობის მინიჭება პრემიერის კომპეტენცია არ არის, თუმცა არ უთქვამთ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი.