განვიხილავთ კოალიციური მთავრობის შექმნას მინუს ქოცები და ეს ჩვენგან ძალიან დიდი კომპრომისია - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტია" 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანებას არ გეგმავს. "პირველებთან" შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარტია საარჩევნოდ ცალკე იასპარეზებს.
მსოფლიომ იცის, ლეიბორისტული პარტია დაარსების დღიდან წარმოადგენს დამოუკიდებელ, ეროვნულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ სუბიექტს. როდის იყო, რომ ლეიბორისტული პარტია ერთიანდებოდა ამ მსხვილი კაპიტალის, ოლიგარქიული, საბანკო, ნეო-ლიბერალურ ჯგუფებთან. ჩვენ განვიხილავთ კოალიციური მთავრობის შექმნას მინუს ქოცები და ეს ჩვენგან არის ძალიან დიდი კომპრომისი, თუმცა სასურველია, არ დაგვჭირდეს სხვა პარტიებთან ვაჭრობა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად და მივიღოთ ხმების ის რაოდენობა, რაც საკმარისი იქნება მთავრობის ფორმირებისთვის,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ოპოზიციას ვადა ეწურება. ორშაბათს პარტიებმა გამსხვილებისს პროცესზე განაცხადი უნდა გააკეთონ.
ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და თვლის, რომ "ოპოზიციას მართებს გაერთიანება და საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ".
2 + 1 - არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ასეთი კონფიგურაციით გასვლა წარმოუდგენია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით ბერძენიშვილს. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი იქნება და პლუს გახარია, რომელიც არჩევნებზე მარტო პოზიციონირებას გეგმავს.
"დღის ამბებთან" შესაძლო გადაჯგუფებაზე ისაუბრა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ "გამსხვილება აუცილებელია. სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან".
არმაზ ახვლედიანი ერთიან პლატფორმას ემხრობა და ამბობს, რომ "ჩართული ვარ კონსულტაციებში. მიმაჩნია, რომ ერთიანი პლატფორმა იქნებოდა სწორი"
ნიკა გვარამიას თქმით, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიები დიდი პოლიტიკური ცენტრის შესახებ განაცხადს 8 ივლისს გააკეთებენ - "რაც შეეხება ერთიან, დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება“. გვარამიას თქმით, სამი ოპოზიციური ცენტრი შეძლებს "ქართულ ოცნებაზე" მეტ პროცენტს აიღებს არჩევნებზე.