ირაკლი კობახიძის პირველი საჯარო კომენტარი ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრის შემდეგ
ირაკლი კობახიძის პირველი საჯარო კომენტარი ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრის შემდეგ - პრემიერი ამტკიცებს, რომ უზრა ზეიასგან ვერ მოისმინა ვერც ერთი კონკრეტული არგუმენტი, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში.
კობახიძე ამბობს, რომ ახლა ამერიკისგან "შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია".
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მეგობრული შეხვედრა გუშინ. განვიხილეთ ყველა საკითხი. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. მქონდა კითხვები „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ იყო ზოგადი შეფასება, ყოველგვარი არგუმენტაციის, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ მომავალში წარმოედგინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა, ზოგად კომენტარებზე რეაგირება. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც არაერთგზის დავაფიქსირეთ. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები და კვლავაც ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ეს გზავნილი გავუზიარე პირადად მას, როდესაც გვქონდა შეხვედრა. იმედი გვაქვს, რომ თანდათანობით ყველაფერი გაუმჯობესდება, ურთიერთობები გაჯანსაღდება. ასეთი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას და ურთიერთობების გადატვირთვას”, - განაცხადა კობახიძემ.
შეასწორეთ კურსი და შეასრულეთ ხალხის დაკვეთა - საჯაროდ თქმული და პირად საუბრებში გადაცემული კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ახალი განცხადება სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ოცნების ხელისუფლებისგან ელოდება და მოითხოვს, რომ შეწყდეს ანტიამერიკული პროპაგანდა თბილისიდან.
ასევე ნახეთ: