ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი პარლამენტს სამი რეკომენდაციით მიმართავს

19.07.24 19:13
ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი პარლამენტს სამი რეკომენდაციით მიმართავს

ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი პარლამენტს სამი რეკომენდაციით მიმართავს. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ომბუდსმენი თვლის, რომ კარგი იქნება, თუ დეპუტატები სამი კონკრეტულ მიმართულებას გაითვალისწინებენ:

  • ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა და განხილულ იქნას მათ მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულებს 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტი მხოლოდ ფორმალურად შეეხოთ, პრაქტიკაში კი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამავდროულად, შესაძლებელია შემუშავდეს დამატებითი პირობები, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და გონივრული პრინციპით შეძლებს დაადგინოს იმ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით;
  • სახალხო დამცველი სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად ლოიალური მიდგომა გაატაროს იმ პატიმრების მიმართ, რომელთაც ეხებათ ამნისტია, თუმცა დამატებით, ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ; 
  • განსაკუთრებული სიფრთხილე იქნას გამოჩენილი ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესში. კერძოდ, აუცილებელია მსხვერპლთა თანხმობების მიღების პროცესში დაცული იყოს მათი ინტერესები და უსაფრთხოება; და მათ შეძლონ თავისუფალი ნების გამოვლენა, ყოველგვარი იძულებისა და კანონსაწინააღმდეგო გავლენების გარეშე. მათ შორის, შესაძლებელია ამ პროცესში რელევანტური უწყებების ჩართულობა ან სასამართლოს წინაშე დაზარალებულთან გასაუბრება, რათა ერთი მხრივ, მოსამართლე დარწმუნდეს მსხვერპლის პოზიციაში და მეორე მხრივ, სასამართლომ შეძლოს დამცავი ორდერის ადეკვატური პირობების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დაზარალებულის ეფექტიან დაცვას.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზაობას, რომ დამატებითი სამუშაო შეხვედრა გამართოს კანონპროექტის ინიციატორებთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. 

სახალხო დამცველი ამავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ პენიტენციური დაწესებულებებიდან შესული შეტყობინებების საფუძველზე, 2024 წლის 17 და 18 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულები N2, N3, N5, N6, N8 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.
 
ვიზიტების შედეგად აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დაწესებულებებში ამნისტიის კანონის მოქმედების ფარგლების გაფართოების თხოვნით 8 მსჯავრდებული შიმშილობდა. 14 უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა აგრეთვე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებსაც ვიზიტის დროისთვის შიმშილობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ.

82 მომხრე - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. საპარლამენტო ბოიკოტის გამო განხილვას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა. 

"შევხვდებით არჩევნებზე" - ეს გზავნილი გაუგზავნეს დღეს პატიმრების ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას, რომელმაც ამნისტიის შესახებ კანონპორექტი პირველი მოსმენით მიიღო.