კალაძე "ოცნების" საარჩევნო ბანერებში საბჭოთა კავშირთან კავშირს ვერ ხედავს

27.09.24 16:55
კალაძე "ოცნების" საარჩევნო ბანერებში საბჭოთა კავშირთან კავშირს ვერ ხედავს

კახა კალაძე "ოცნების" საარჩევნო ბანერებში საბჭოთა კავშირთან კავშირს ვერ ხედავს. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებას ჭირდება შეხსენება, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. 

კახა კალაძე მისი თანაგუნდელების მსგავსად, კვლავ მეორე ფრონტზე საუბრობს და ირწმუნება, რომ საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, თუ რა საფრთხე აირიდა საქართველომ თავიდან, აუცილებელია.

„ეტყობა, თქვენ კარგად იცნობთ ბრეჟნევს და მის იდეოლოგიას, მოგწონთ და ატარებთ, რადგან ეძიებით და იცით, მისი იდეოლოგია. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. რაც შეეხება თბილისის ქუჩებში გამოკრულ ბანერებს, ეს არის სამწუხარო რეალობა. მხედველობაში მაქვს უკრაინაში მიმდინარე ომი. უმძიმესია ის შედეგები, რაც მოაქვს ომს. სამწუხაროდ, საქართველოში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიები რადიკალური ოპოზიციის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ერთნი არიან ისინი და რადიკალური პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, აჟღერებდნენ, რომ გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, მაშინ, როდესაც ჩვენ სანქციებს არ შევუერთდით და მეორე ფრონტთან დაკავშირებით მკაფიო მესიჯი გავაჟღერეთ. შესაბამისად, საზოგადოებას ჭირდება შეხსენება, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი. რას ვირჩევთ ჩვენ – ომს, წარსულში დაბრუნებას, უბედურებას, განადგურებულ ქალაქებს და სოფლებს თუ ვირჩევთ მშვიდობას, განვითარებას, წინსვლას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კალაძემ. 

საბჭოთა კავშირთან კავშირი ვერ დაინახა დღეს ვერც ირაკლი კობახიძემ. ქვეყნის პრემიერმა ბანერების საბჭოთა სტილთან შედარებას სპეკულაცია უწოდება.

ცნობისთვის, გუშინ ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.  

"ქართული ოცნების" კამპანია კომუნიკაციების გამოცდილმა სპეციალისტებმა გაშიფრეს - "მათ მიზანია საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებში ჩარევაა,  დაარწმუნონ ხალხი, რომ მტერი რუსეთი კი არა, არამედ დასავლეთია". 

მსგავსი სიახლეები