ძვირადღირებული ავტომობილი კობახიძისთვის - მამუკა ხაზარაძე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

29.09.24 13:35
ძვირადღირებული ავტომობილი კობახიძისთვის - მამუკა ხაზარაძე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

მილიონ ორასი ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი პრემიერისთვის - შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდა ჩატარდეს და მსგავსი სავარაუდო კორუფციული საქმეები დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა განიხილოს. 

როცა შეიცვლება ხელისუფლება, ყველა ჩინოვნიკი, რომელმაც ამ მშრომელი ადამიანების შეგროვილი ბიუჯეტი ჩაიდო ჯიბეში, ყველას მოეთხოვება. ოღონდ, მოეთხოვება არა მურუსიძის სასამართლოთი და არა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებული პროკურორებით, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოთი და დამოუკიდებელი პროკურატურით. ეს არის ნომერ პირველი გსაკეთებელი საქმე, რომ საქართველოში გაჩნდეს სამართლიანობის განცდა და ვინმეს არ ეგონოს, რომ პოლიტიკაში მოსვლა, არის ფულის საკეთებელი ადგილი, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

Mercedes S-class-ის  ახალი მანქანით პრემიერ მინისტრი ბოლო რამდენიმე კვირაა გადაადგილდება. მილიონ ორასი ათასი ლარის ღირებულების "მერსედესით" " შაბათის ეთერის" კამერამ ირაკლი კობახიძე ოპერის თეატრთან გადაიღო, როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე მივიდა. პრემიერი  იგივე მანქანით გამოჩნდა დიღმის მასივშიც, სადაც კახა კალაძესთან ერთად ახალი სკვერი გახსნა. აქამდე ირაკლი კობახიძეს მილიონ 200 ათასიან  მერსედესამდე ახალი Audi ემსახურებოდა. 

"შაბათის ეთერის" მოპოვებულ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ადასტურებს. ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ ახალი "მერსედესი" ნამდვილად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით იყიდეს და 400 ათასი ევრო ანუ მილიონ 200 ათასი ლარი გადაიხადეს. 

ცალკე განხილვის თემაა საქართველოს პრემიერის ამერიკული ვოაიჟიც, სადაც კობახიძე შვილებთან ერთად თურქეთამდე სამთავრობო თვიმფრინავით გაფრინდა. "შაბათის ეთერმა" ასევე გაარკვია, რომ კობახიძისთვის ნიუ-იორკში მსოფლიო ვარსკვლავების საყვარელ რესტორანში წვეულება მოეწყო. 

 

მსგავსი სიახლეები