"ღარიბი ქართველი ხალხის მდიდარი, გაუმაძღარი და ხარბი პრემიერი" - ჩიხლაძე კობახიძეზე
ღარიბი ქართველი ხალხის მდიდარი, გაუმაძღარი და ხარბი პრემიერი, - ასე ეხმაურება "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ირაკლი კობახიძის შესახებ შაბათის ეტერის ხმაურიან რეპორტაჟს.
ღარიბი ხალხის მდიდარი პრემიერი, რომლისთვისაც ყიდულობენ მილიონ ორასი ათას ლარიან ავტომობილს, რომელიც სახელმწიფო თითმფრინავით აფრენს ასევე თავის ოჯახის წევრებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში შედის და ორი ათას ლარიან სტეიკს მიირთმევს და ვინ იცის, რამდენი ათასი დოლარი დატოვა ერთ სადილში. აი, ღარიბი ქართველი ხალხის მდიდარი, გაუმაძღარი და ხარბი პრემიერი, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
Mercedes S-class-ის ახალი მანქანით პრემიერ მინისტრი ბოლო რამდენიმე კვირაა გადაადგილდება. მილიონ ორასი ათასი ლარის ღირებულების "მერსედესით" " შაბათის ეთერის" კამერამ ირაკლი კობახიძე ოპერის თეატრთან გადაიღო, როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე მივიდა. პრემიერი იგივე მანქანით გამოჩნდა დიღმის მასივშიც, სადაც კახა კალაძესთან ერთად ახალი სკვერი გახსნა. აქამდე ირაკლი კობახიძეს მილიონ 200 ათასიან მერსედესამდე ახალი Audi ემსახურებოდა.
"შაბათის ეთერის" მოპოვებულ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ადასტურებს. ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ ახალი "მერსედესი" ნამდვილად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით იყიდეს და 400 ათასი ევრო ანუ მილიონ 200 ათასი ლარი გადაიხადეს.
ცალკე განხილვის თემაა საქართველოს პრემიერის ამერიკული ვოაიჟიც, სადაც კობახიძე შვილებთან ერთად თურქეთამდე სამთავრობო თვიმფრინავით გაფრინდა. "შაბათის ეთერმა" ასევე გაარკვია, რომ კობახიძისთვის ნიუ-იორკში მსოფლიო ვარსკვლავების საყვარელ რესტორანში წვეულება მოეწყო.