"ერთად დავიცვათ მნიშვნელოვანი პრეცედენტი" - ბოკუჩავა მოქალაქეებს სააპელაციოსთან მისვლისკენ მოუწოდებს

05.11.24 11:27
"ერთად დავიცვათ მნიშვნელოვანი პრეცედენტი" - ბოკუჩავა მოქალაქეებს სააპელაციოსთან მისვლისკენ მოუწოდებს

 "ერთიანოაბა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავას მოქალაქეებს მოუწოდებს, დღეს 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან მივიდნენ. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც თვლის, რომ არჩევნები მოპარეს, ერთად დაიცვას ის პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ თეთრიწყაროს სასამართლოს და კერძოდ, მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუას მიერ იქნა მიღებული. 

"ერთად უნდა დავიცვათ ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი", - განაცხადა ბოკუჩავამ. 


გუშინ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს, თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, სადაც ჩანს, რომ ელექტრონული წესით კენჭისყრის შედეგები უნდა გაუქმდეს, რადგან ვლადიმერ ხუჭუამ დაადგინა სწორედ ის ფაქტი, რაზე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დარღვეულია არჩევანის ფარულობა, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური პრინციპი, რაც არ აძლევს მოქალაქეს შესაძლებლობას, რომ გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. ამგვარ დარღვევას ჰქონდა ადგილი ყველგან, სადაც ელექტრონული ხმის მიცემა ხდებოდა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. 

ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, სადაც ერთმა მოსამართლემ გამოიჩინა წარმოუდგენელი გამბედაობა და პროფესიონალიზმი, ერთგულება კანონის წინაშე, სჭირდება დაცვა. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი პრეცედენტის დასაცავად ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ შევცვალოთ დღევანდელი შეკრების ლოკაცია და მივიდეთ სააპელაციო სასამართლოსთან 15:00 საათზე. 

ასე რომ, ყველას, ვისაც გჯერათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წაართა ქართველ ხალხს, რომ ამით წაგვართვა არა მხოლოდ ერთი არჩევნების შედეგი, არამედ არჩევნების უფლება და ჩაატარა აღნიშნული არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ. სწორედ მათ შორის, ელექტრონული კენჭისყრის გამოყენებით, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და დღევანდელი აქცია ერთობლივად ჩავატაროთ სწორედ სააპელაციო სასამართლოს ეზოში, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.   

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები