რაზე ისაუბრა დამოუკიდებელმა მედიამ ევროპელი პარლამენტარების დელეგაციასთან
დამოუკიდებელი ტელეკოკომპანიების წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და ის მედია გარემო იყო, რომელიც საქართველოშია.
ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან, აქვთ სრული და აბსოლუტური ინფორმაცია იმაზე, რა მოხდა ამ ქვეყანაში და როგორ მიტაცა ოლიგარქმა ხალხის არჩევანი - ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა.
მისი თქმით, EU-ს დელეგაციის წევრებს აინტერესებდათ, მედიის ხედვა მოსალოდნელ პროცესებზე.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი მოსაზრებები მოვახსენეთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია, ჩვენზე, ქართველ ხალხზე, რომელიც თვლის, რომ არჩევნები მიტაცებულია და საქართველოს მოსახლეობას არჩევანი წაართვეს"- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
"მთავარი არხის" წარმომადგენელი ევროპელ ლიდერებთან აუდიენციას ნაყოფიერს უწოდებს. თამთა მურადაშვილის თქმით, დიპლომატებს ქვეყანაში არსებულ სურათზე მედიის ხედვა აინტერესებდათ.
"ჩვენც გვაინტერესებდა, როგორია ევროპის ხედვა. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც არის ამ ქვეყანაში და რა ვითარებაში უწევს მედიას ბოლო წლებია მუშაობა. ვისაუბრეთ რუსული კანონის შესახებ, რომელიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ინსტრუმენტია"- ამბობს იურისტი.
ტელეკომპანია "კავკასია"-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ დელეგაციის წევრების მხრიდან შეხვედრაზე ძალიან საინტერესო მოსაზრებები გაჟღერდა. ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ერთგული მეგობრები პოზიციას ღიად გამოხატავენ, თუმცა მთავარი საქმე ახლა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ.
"მთავარი საქმე არის პოლიტიკოსების გასაკეთებელი და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევნები"- დასძინა მან.
შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან.
ისინი პრეზიდენტს და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.
დელეგაციის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდებიან. საღამოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ აქციაზე მივლენ და ქართველ ხალხს მიმართავენ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ევროპელ პარლამენტარებს უსაქმურები უწოდა.
ევროპელ პარლამენტარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ შეხვდა.
პრემიერის თქმით, ევროპელი პარლამენტარების ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.