სახალხო დამცველი ამტკიცებს, რომ პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა - რას ამბობენ დამკვირვებლები და კონსტიტუციონალისტები

26.11.24 16:18
სახალხო დამცველი ამტკიცებს, რომ პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა - რას ამბობენ დამკვირვებლები და კონსტიტუციონალისტები

სახალხო დამცველი უხერხულობას არ გრძნობს, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო. 

საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული დავის მიუხედავად, ლევან იოსელიანი ამტკიცებს, რომ "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა".

ეს მაშინ, როცა კონსტიტუციონალისტები და ყოფილი მოსამართლეები თანხმდებიან, რომ საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა

  • საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია. დარგის ექსპერტების თქმით, ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს.

 ლევან იოსელიანის მტკიცებით კი სასამართლო გადაწყვეტილებამდე ერთპარტული პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს.

არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ. შესაბამისად, არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო.

საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ, ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის", - თქვა იოსელიანმა.

ომბუდსმენის განცხადების შემდეგ "ტვ პირველმა" ლევან იოსელიანს ჰკითხა, იყო თუ არა 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი და საყოველთაო. სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში ამბობს, რომ მას არც ეს კითხვა ესმის. ის არჩევნებს არ აკვირდებოდა და ენდობა ეუთო/ოდირის დასკვნას. 

ამის შემდეგ "პირველების" კორესპოდენტმა ომბუდსმენს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის  განცხაება შეახსენა (ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება ქმნიდა შეგრძნებას, რომ „დიდი ძმა“ გვიყურებს - PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი)

ამის შემდეგ ომბუდსმენმა ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა. 
 

მსგავსი სიახლეები