საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე თანამდებობიდან გადადგა - გადაწყვეტილების შესახებ დიპლომატმა X-ზე დაწერა.
შევიტანე ჩემი გადადგომის განცხადება. ჩემთვის დიდი პატივი იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში, რა დროსაც ხელს ვუწყობდი მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ვიცავდი მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვრჩები ერთგული საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ"- წერს თეა მაისურაძე.
გადადგომამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა და დაწერა: "ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს".
„ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ, საქართველოს რამდენიმე ელჩმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობები დატოვეს:
- ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა;
- იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ვეკუამ;
- ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ;
- აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა;
- ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე.