"გინდათ, ხარებასთან დამაპირისპიროთ?!" - ივანიშვილის ყოფილი მცველი გდდ-ის შეფზე დასმულ კითხვას არ პასუხობს
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მცველი, ანზორ ჩუბინიძე დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, კადრებში, სადაც პირდაპირ ჩანს, როგორ ცემს სპეცრაზმის შეფი დაკავებულ პირს.
"გინდათ, ხარებასთან დამაპირისპიროთ?!" -ასე პასუხობს სახელმწიფო დაცვის სპეცს მსახურების შეფი "პირველების" კითხვას.
"ჩემი კოლეგაა და რატომ უნდა შევაფასო? მართალი გითხრათ არ მიყურებია (ცემის კადრებისთვის - ავტ.)"- თქვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა.
მას შემდეგ კი რაც "ტვ პირველის" საპარლამენტო ჟურნალისტმა მაღალჩინოსანს "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებული კადრები აჩვენა, ჩუბინიძემ თქვა:
"ნუ ახალა, თუ ის (აქციის დაკავებული მომიტინგე) წიხლებს ურტყამს, ესეც (ხარებაც) ჩაარტყამდა, რა გნებავთ ახლა? არ მინახავს კადრები" - დასძინა სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელმა.
კიდევ ერთ შეკითხვაზე, უნდა აგოს თუ არა "ხარებამ" პასუხი მოქალაქეზე განხორციელებული ანგარიშსწორების გამო, ჩუბინიძე გვპასუხობს: "მე მეკითხებით?, მაგისთვის არის სპეციალური ინსტიტუტები, ისინი შეაფასებენ ამ ყველაფერს".
შემხვედრი კითხვის შემდეგ ჩუბინიძე გაბრაზდა და თქვა, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტი "პროვოკაციულ კითხვას" სვამს.
"გინდათ ჩემს კოლეგას დამაპირისპიროთ? რა თქმა უნდა არ გაგცემთ პასუხს"- აღნიშნა მაღალჩინოსანმა "ხარებას" მიერ რუპორიდან მოქალაქეების მიმართ გინების ფაქტზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
-
ვიდეომასალაში, რომელიც "შაბათის ეთერის" ოპერატორმა 2 თებერვალს ღამით გადაიღო, ზვიად ხარაზიშვილის მანქანასთან თათბირი ჩანს. ამის შემდეგ სპეცრაზმი მოქმედებაზე გადადის და აქციის მონაწილეებზე ნადირობა იწყება - დემონსტრანტებზე ჯგუფურად ძალადობენ. დაკავებულების ნაწილი "ხარებასთან" მიყავთ და ის წიხლს ურტყამს.