9 დღე ზურაბიშვილზე თავდასხმიდან - პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ, კვერცხების მსროლელები კი ხელშეუხებლები არიან
ცხრა დღე სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმიდან და ამ დრომდე სრული უმოქმედობა. ვახტანგ გომელაურის უწყებამ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ეკა ბესელიას თქმით, ამ დრომდე კითხვები არ დაუსვამთ და არავის გამოუკითხავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ირკვევა, რომ ამ დრომდე არავის ამოუღია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
"ოცნების" დამხმარე ტიტუშკები ისევ ხალხმა დააიდენტიფიცირა, თუმცა მეხუთე პრეზიდენტზე კვერცხებით თავდამსხმელი ქალები და კაცები დღემდე ხელშეუხებლობი არიან.
ეკა ბესელია ამბობს, რომ აეროპორტის ადმინისტრაციას კამერებთან დაკავშირებით უკვე მიმართეს და შესაბამის რეაგირებას ელოდებიან.
ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული "ოცნების" მხრიდან. თუ ეს ასე არ არის, რატომ არაფერი არ ხდება, უკვე ერთი კვირა გავიდა ამ თავდასხმიდან. პირველი გამოძება იწყება, შემდეგ უნდა დაკითხო ადამიანი, ვისზეც თავდასხმა მოხდა, ამ შემთხვევაში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ მყისიერად უნდა მოხდეს კამერების ამოღება შემთხვევის ადგილიდან. ეს არის პირველი, რომ მტკიცებულებები იყო დამაგრებული კანონით დადგენილი წესით და შემდეგ იდენტიფიცირება პირების. არაფერი ეს არ გაკეთებულა. ყველაზე გაუგებარი არის ჩემთვის ის, რომ ერთი ზარი არ განხორციელებულა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ გვინდა თქვენგან მივიღოთ ინფორმაცია. აეროპორტის ადმინისტრაციას ჩვენ მივმართეთ უკვე და ველოდები მათგან რეაგირებას, რომ არ გვითხრან მერე, რომ ეს ჩანაწერები გაქრა და წაიშალა", - ამბობს ბესელია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს.
ვიდეო პროპაგანდისტებმა გაავრცელეს. პრეზიდენტმა გაბიტაშვილის უწყებას მალევე მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად გომელაურის სამინისტროს გადაუგზავნა.