რატომ არ ხდება პრეზიდენტზე თავდასხმის გამოძიება - ეკა ბესელია "ოცნების" ინტერესზე საუბრობს
პროცედურული ომი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმიდან 17 დღე გავიდა, თუმცა გამოძიებას დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოუვლენია. არ არის გამოკითხული არც თავდასხმის ობიექტი სალომე ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია დღეს თბილისის პროკურატურაში მივიდა, სადაც უთხრეს, რომ საქმე გამოსაძიებლად შსს-ს გადაეცა. ინტერესების დამცველს რჩება განცდა, რომ ყველაფერი თავად "ოცნების" დაგეგმილი იყო.
არავინ ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოებიდან არ გამოჩენილა და არავის გასჩენია სურვილი, რომ ფორმალურად გამოეკითხა პრეზიდენტი, მიეღო ინფორმაცია, დაეკითხა თანმხლები პირები და მათ შორის იდენტიფიცირებული ადამიანები არიან, რომელთა ვონაობაც თქვენი ტელევიზიის მიერ უკვე ცნობილია და არც მათთან დაკავშირებით არ ვიცით საერთოდ რამე ზომა არის თუ არა მიღებული. ეს ხომ პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს თავდასხმა არ იყო შემთხვევითი, არ იყო თვითორგანიზებული, სპონტანური. ამას მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები, რომლითაც ამართლებდნენ ამ თავდასხმას. ეს აჩვენებს და მათ შორის უმოქმედობა, აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ და მე არ ვფიქრობ, რომ ფაქტები უნდა მიიჩქმალოს და კომფორტი ჰქონდეს შესაბამის ორგანოებს, რომ რეაგირება არ მოახდინონ ამაზე, - ამბობს ბესელია.
ეკა ბესელია ახლა გომელაურის უწყებისგან ითხოვს პასუხებს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება, რატომ არ არიან დაკავებულები თავდამსხმელები და რატომ არ არის გამოკითხული სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს.
ვიდეო პროპაგანდისტებმა გაავრცელეს. პრეზიდენტმა გაბიტაშვილის უწყებას მალევე მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად გომელაურის სამინისტროს გადაუგზავნა.