"ბიძინა ივანიშვილს სანქციების არ ეშინია" - ვოლსკი

20.03.25 13:55
"ბიძინა ივანიშვილს სანქციების არ ეშინია" - ვოლსკი

"ბიძინა ივანიშვილს სანქციების არ ეშინია" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, გია ვოლსკი ოპოზიციის ვარაუდს, რომ ოლიგარქის პარტიის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი როგორმე გადაარჩინონ ამერიკულ სანქციებს. 

გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ დახურულ კარს მიღმა გამართულ აუდიენციაზე "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხზე ისაუბრა. 

მთავარ საკითხებთან დაკავშირებით მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა უკვე განცხადება. ვფიქრობ, თქვენი კითხვა არ იყო იმისკენ მიმართული, რა განიხილეს. ვფიქრობ, თქვენი კითხვა მიმართული იყო იმის ხაზგასმისაკენ, რომ ეს მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივა იყო და აქედან გამომდინარე, იქნებ როგორმე იმ ხავსმა გაგიძლოთ, რომელზეც ჩამოკიდებული ხართ დღეს. სავსებით ნორმალურია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამა თუ იმ ქვეყანაში ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს.

განიხილება საკითხები, რასაც ჰქვია ორმხრივი ურთიერთობები, შემდგომი ეტაპი განვითარების. საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი. ბიძინა ივანიშვილს არც არასდროს შეშინებია დასანქცირების, არცერთი მიმართულებით უკან არ დაუხევია მაშინ, როდესაც საქართველოს ინტერესებზე იყო საუბარი, თორემ გარიგებები ძალიან ადვილია, მითუმეტეს ასეთ დონეზე. 

ჩვენთვის იდეა არის საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობების განვითარება. ეს, რასაკვირველია, არ ეხება მხოლოდ ივანიშვილის თემას. თუ მარტო ივანიშვილის საკითხზე მეკითხებით, გეუბნებით, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, პატრიოტი თავისი ქვეყნის. რასაკვირველია, ამის გარდა, სხვა კიდევ ბევრი ასპექტი არსებობს. თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანია სატრანზიტო რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოს გააჩნია". - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, 14 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დიპლომატიური უწყების განმარტებით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

19 მარტს ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "ქართული ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა ივანიშვილის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინიაციატივით გაიმართა. 

"ქართული ოცნების" პრემიერის განცხადების შემდეგ, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ოლიგარქის პარტიის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი როგორმე გადაარჩინონ ამერიკულ სანქციებს. 

მსგავსი სიახლეები