სანქციების შიში და ივანიშვილის ფინანსების გადარჩენის მცდელობა - ექსპერტები ბოჭორიშვილის დანიგანთან ვიზიტზე

20.03.25 15:55
სანქციების შიში და ივანიშვილის ფინანსების გადარჩენის მცდელობა - ექსპერტები ბოჭორიშვილის დანიგანთან ვიზიტზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ აუდიენციას საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები აფასებენ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე არ გამორიცხავს, რომ შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილს საუბარი ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ უსაფრთხოებისთვის დაეთმო. 

რა თქმა უნდა, ივანიშვილის პირად ფინანსურ უსაფრთხოებაზეა საუბარი, უკვე არსებული სანქციების მოხსნა უნდა და ასევე არ უნდა, რომ კიდევ დაუმძიმდეს. მეორე, საგარეო იზოლაციის გარღვევა უნდათ და ამის გამოსწორება გასაგებია. ეს ყველაფერი ვიწროპარტიულ ინტერესებს უკავშირდება, ქვეყნის ინტერესებთან კავშირში არ არის. 

არ ჩანს, რომ ამერიკა ამათთან ურთიერთობის აღდგენისთვის მზად იყოს, მითუმეტეს იმ ფორმით, რომ ესენი ირანთან თანამშრომლობენ, რაც ამერიკას არ მოსწონს. ტრამპმა რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთთან, ეს ტრამპის გადასაწყვეტია. შენ მიერ იმ პირობების დარღვევა, რომელიც არსებობს, ტრამპის თვისებებში არ შედის, რომ ეს აიტანოს.

აწუხებთ იზოლაცია. რომ არ აწუხებდეთ, ასეთი მცდელობები არ ექნებოდათ. რაც არ უნდა გააკეთონ განცხადებები, ეს ემსახურება იმწუთიერ პროპაგანდისტულ ინტერესებს. "ქართული ოცნების" ვერცერთი განცხადება ვერ იქნება გრძელვადიანი გეგმის ნაწილი. ეს არის სტრაოსის პოლიტიკა, რომ ჩავყოთ სილაში თავი და იმის იმედი გვქონდეს, რომ ეს ყველაფერი გადაივლის." - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ. 

ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თენგიზ ფხალაძე საგულისხმოს უწოდებს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზს და ამბობს, რომ რობინ დანიგანმა სავარაუდოდ, მაკა ბოჭორიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილები გადასცა. 

საჭიროა ქმედებები, რომელიც უკავშირდება იმ პრობლემების აღმოფხვრას, რამაც მიგვიყვანა აქამდე. დღესდღეობით რაიმე ტიპის ნაბიჯი, რაც დაკავშირებულია იმ პრობლემების აღმოფხვრასთან, რამაც მიგვიყვანა აქამდე, ამ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ელჩს ჰქონდა კონკრეტული დავალება, გზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტისაგან, რომელიც მას უნდა გადაეცა და მან ეს გზავნილი გადასცა. ის ხვდება მაკა ბოჭორიშვილს, შემდგომ სალომე ზურაბიშვილს, ერთი ციკლია ამ შეხვედრების. რა ითქვა ამ შეხვედრებზე მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ქართული მხარის განცხადებები და ამერიკული მხარის განცხადებები ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავდება". - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. 

ცნობისთვის, 14 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დიპლომატიური უწყების განმარტებით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

19 მარტს ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "ქართული ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა ივანიშვილის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინიაციატივით გაიმართა. 

"ქართული ოცნების" პრემიერის განცხადების შემდეგ, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ოლიგარქის პარტიის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი როგორმე გადაარჩინონ ამერიკულ სანქციებს. 

მსგავსი სიახლეები