ქვეყანა კლასიკური ორუელის მიხედვით იმართება - უგულავა
"ქვეყანა კლასიკური ორუელის მიხედვით იმართება", - ასე აფასებს გიგი უგულავა ხარებასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "მხდალი დეპუტატები" ნივთების დაზიანებას ჩივიან იმ დროს, როდესაც რეჟიმი ადამიანებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდება.
დაკითხული ჰყვათ დეპუტატები, მხდალი დეპუტატები, რომლებიც მისტირიან თავიანთ კონდიციონერებს და ამასობაში არ იმჩნევენ, ბავშვებს როგორ ურტყამენ, ცხვირ-პირს როგორ უმტვრევენ. კლასიკური ორუელის მიხედვით იმართება ქვეყანა. როგორც ივანიშვილმა თავის დროზე რომ თქვა, „სკოტნი დვორი“, აი, „სკოტნი დვორად“ უნდა, რომ აქციოს ქვეყანა, მაგრამ არ გამოვა, - ამბობს უგულავა.
სინდისის პატიმრების საქმეში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში "ხარება" ჩივის იმის გამო, რომ აქციების დროს მისმა სპეცრაზმელებმა ეკიპირება დაკარგეს.
- "შავი კაბურა, ფანარი, დასაკეცი ჩანთა, ყუმბარის ჩასადები, რობოკოპის ფარი, ჩაფხუტი , ხელკეტი, აირწინაღი და აირწინაღის ფილტრი, მათარა, პორტატული პროჟექტორი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციების პერიოდში ან დაკარგა ან გაუფუჭდა.
საქმის აბსურდულობა იმ მასშტაბზე გავიდა, რომ დაკარგული ნივთების სია სინდისის პატიმრების წინააღდეგ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეებში ჩადეს.