წულუკიანის კომისია ბადრი ჯაფარიძის საქმესაც პროკურატურაში აგზავნის

26.03.25 11:12
წულუკიანის კომისია ბადრი ჯაფარიძის საქმესაც პროკურატურაში აგზავნის

თეა წულუკიანის კომისია ბადრი ჯაფარიძის საქმესაც პროკურატურაში დღესვე გადაგზავნის - გადაწყვეტილება კომისიამ დღეს მიიღო.

"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ მიზეზი ამ შემთხვევაშიც, ჯაფარიძის კომისიაზე გამოუცხადებლობა გახდა. 

"მე გთავაზობთ ვინაიდან სხვა გამოსავალი აღარ აქვს კომისია, სსკ-ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული ნიშნები სავარაუდოდ უკვე არის სახეზე, დანარჩენს პროკურატურა შეაფასებს, ეს აღარ არის ჩვენი საქმე და გთავაზობთ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბატონი ბადრი ჯაფარიძის ქმედების, თუ უმოქმედობის საკითხი, გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე პროკურატურაში." - თქვა კომისიაზე წულუკიანმა, რასაც ე.წ. დეპუტატების სრული მხარდაჭერა მოჰყვა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე  მამუკა ხაზარაძის შემდეგ, უარი ბადრი ჯაფარიძემაც განაცხადა. 

26 მარტს გენერალურმა პროკურატურამ წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 25 მარტის სხდომაზე, ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე, შპს „მაგნატი“) განხილვაზე დაიბარა.

აღმოჩნდა, რომ კაცი, რომელიც წულუკიანმა დასაკითხად მიიყვანა, ქონებას "ოცნების" პირობებშიც ვერ იბრუნებს.

თეა წულუკიანი და "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი სიახლეები