"ეს უფრო ბრჭყალების გამოჩენა იყო" - აქუბარდია EU-ს დიპლომატის ქვეყანაში არშემოშვებაზე

გახარიას გუნდის წევრი, თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ EU-ს დიპლომატის ქვეყანაში არშემოშვება "ოცნების" მხირდან გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯი იყო.
ეს გარკვეულწილად უფრო ბრჭყალების გამოჩენის სურვილი იყო და არა ტექნიკური შეცდომა - აცხადებს აქუბარდია და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ ღიად უპირისპირდება "ოცნება" დასავლეთს.
არ ვფიქრობ, რომ ე.წ. ტექნიკური შეცდომა იყო ევროკავშირის წარმომადგენლობაში მომუშავე პირის არშემოშვება. ეს გარკვეულწილად უფრო ბრჭყალების გამოჩენის სურვილი იყო, ვიდრე ტექნიკური შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელია ჩემთვის ამ პროცესში ტექნიკური შეცდომით ამ ყველაფრის ახსნა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ ღიად უპირისპირდებიან ისინი დასავლეთს", - ამბობს თეონა აქუბარდია.
21 მაისს საქართველოში ბელგიელი დიპლომატი, ევროდელეგაციის წარმომადგენელი, საიმონ ვანდერბრუკი არ შემოუშვეს.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამის შესახებ "პირველებს" წერილობით კომენტარით დაუდასტურა და უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა.
ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი ბოდიში მოიხადა.
სწორედ ამის შემდეგ გაავრცელა განცხადება მაკა ბოჭორიშვილის უწყებამ და ფაქტი დაადასტურა.
უკვე ამის მერე დიპლომატიური სკანდალის შესახებ პირველი კომენტარი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ვახო გომელაურის უწყებაში ირწმუნებიან, რომ "ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი".