როგორ მოხვდა ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში - კითხვები ბიზნესმენის "დაკავების" ირგვლივ

27.05.25 11:16
როგორ მოხვდა ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში - კითხვები ბიზნესმენის "დაკავების" ირგვლივ

როგორ მოხვდა გიორგი ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში? - სუს-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ამაზე საუბარი არ არის. 

დილიდან კი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი კითხვა ისმის. 

კადრებში, რომელსაც უწყება ავრცელებს, ბაჩიაშვილს თეთრი მაისური და ტილოს შარვლი აცვია. 

მოქალაქეები სვამენ კითხვას, თუ ოლიგარქის ნომერ პირველი სამიზნე, საქართველოში ფარულად შემოსვლას აპირებდა, გააკეთებდა თუ არა ის ამას აღნიშნული ჩაცმულობით. 

კიდევ ერთი მთავარი კითხვაა, სად არის გიორგი ბაჩიაშვილის პასპორტი და არის თუ არა მასში შესაბამისი შტამპი, რომ მან საემიროების ტერიტორია ნამდვილად დატოვა.

არსებობს მოსაზრება, რომ გიორგი ბაჩიაშვილი გაიტაცეს და წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ მიიყვანეს. 

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ყველა კითხვას ის ბიზნესმენს მას შემდეგ დაუსვამს, რომ გაარკვევს სასჯელაღსრულების რომელ დაწესებულებაში გადაიყვანეს დაკავებული. 

უფლებადამცველის თქმით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, ბაჩიაშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ ბაჩიაშვილი იქ შესახლებული არ არის.

  • თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დილით სუსმა გაავრცელა.