მუქარა ადვოკატის მიმართ - დავით მიქაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ციხეში გაუშვეს მისი დაცვის წევრიც

18.09.25 16:54
მუქარა ადვოკატის მიმართ - დავით მიქაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ციხეში გაუშვეს მისი დაცვის წევრიც

ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარა - ლავენ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულს, დავით მიქაძეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ციხეში გაუშვა მისი დაცვის წევრი ლაშა მაისურაძეც.

სასამართლო დღეს ორივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა.

დავით მიქაძის ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.

„პატიმრობას დაცვის მხარე არ ეთანხმება იმ მიზეზით, რომ ამ საქმეში ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა. ეს ხელოვნურად შექმნილი აბსურდული ბრალდებაა, სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე ყველაფერი გამოჩნდება და გამამართლებელი განაჩენი დადგება. საქმეში არ არსებობს ტელეფონი, არ არსებობს ინფორმაცია, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ურეკავდა, საქმეში მხოლოდ 3 ჩვენებაა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთს გამორიცხავს. [ტელეფონები] ამოღებულია, თუმცა გამოძიებას ინფორმაცია არ აქვს, თუ რა სახის ინფორმაცია არის ტელეფონებში.

აბსოლუტურად გამოვრიცხავ დავით მიქაძის მხრიდან, გიორგი ბარდაველიძესთან რაიმე სახის კომუნიკაციას. ეს ახალი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც 7-დან 10-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ეს ხელოვნურად არის შექმნილი, რომ გამყარდეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი სხვა სისხლის სამართლის საქმე“,- განაცხადა დავით მიქაძის ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბარდაველიძე, რომელიც ჯანგველაძის საქმის ფარგლებში დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატი იყო, ამტკიცებს, რომ მას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა დავით მიქაძემ ჯერ შენიღბული დაცვის წევრი, ლაშა მაისურაძე მიუგზვანა, შემდეგ კი ტელეფონზე თავად ესაუბრა და მკვლელობით დაუმუქრა.

  • ლაშა მაისურაძესთან ერთად, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით ფაქტზე ძებნაში მყოფ დავით მიქაძეს ბრალი წაუყენა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.მ.-მ თითქოსდა მის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე დაითანხმა, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გ.ბ.

შეხვედრისას ლ.მ.-მ იგი მობილური ტელეფონით გაასაუბრა ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ დ.მ.-ს, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს

 

მსგავსი სიახლეები