„ვერცერთი უკანონო ბრძანება ვერ გადაფარავს სამშობლოს ფიცს" – ყოფილი ძალოვნების მიმართვა კოლეგებს
სისტემიდან წასული ძალოვნები მოქმედ კოლეგებს ახსენებენ, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის არა "ოცნების" ხელისუფლების ინტერესების, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მოქალაქეების ღირსების დაცვა. მათი თქმით, ფიცი, რომელიც ძალოვანებმა სამშობლოს დაუდეს, ბევრად მაღლა დგას ნებისმიერ უკანონო პოლიტიკური დავალებისგან.
როგორც თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ამბობს, „ვერცერთი ბრძანება ვერ გადაფარავს იმ ფიცს, ემსახურო საქართველოს მომავალს და დაიცვა მოქალაქეების ღირსება.“
ყოველგვარი პოლიტიკური დავალება, რომელიც კანონს გარეთ გამოდის, არის ბრძანება, რომლის შესრულება მათ არ ათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან და მათი მთავარი რიტუალი, მათი მთავარი ცხოვრების წესი არის ის ფიცი, რომელიც მათ დადეს - ემსახურონ საქართველოს დამოუკიდებლობას, ემსახურონ საქართველოს მომავალს და დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ღირსება. ეს არის მათი მთავარი ამოცანა და დანიშნულება და ვერცერთი ბრძანება ვერ გადაფარავს ამას, ამიტომ როცა ისინი დადებიან არჩევანის წინაშე, მათ უნდა იხელმძღვანელონ მათი რწმენით, მათი ოჯახური აღზრდით, ტრადიციებით, მაგრამ, რაც მთავარია, იმ ფიცით, რომელიც მათ დადებული აქვთ, - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე.
თავდგირიძის მსგავსად, სხვა ყოფილი სამხედროებიც დარწმუნებულები არიან, რომ კრიტიკულ მომენტში ძალოვნები ხალხის გვერდით დადგებიან.
იქ არიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივე გზავნილებით არიან, რა გზავნილსაც ჩვენ ვუგზანით იმ ბანდას, რომელსაც დღეს ხელისუფლება აქვს მიტაცებული. შესაბამისად, მათი განწყობები ძალიან კარგად ვიცით და ვიცით, რომ იმ გადამწყვეტ მომენტში, როცა მათ მხარე ექნებათ ასარჩევი, ისინი აირჩევენ საქართველოს მხარეს, ისინი აირჩევენ საქართველოს მოქალაქის მხარეს და დადგებიან მათ დასაცავად, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ჩიქოვანი.
გუშინ სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარმა თანამშრომლებმა სისტემაში დარჩენილ კოლეგებს საგანგებო განცხადებით მიმართეს. საუბარია ექსძალოვნებზე, ვეტერანებზე, რომლებიც ემირაციაში იმყოფებიან.
ვეტერანების თქმით, საქართველო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და აუცილებელია ერთიანობა, რათა ქვეყანას დაეცვას რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან.
მათი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას მეორედ გასაბჭოებას უქადის და ამისთვის იყენებს სწორედ იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს.
მიმართვაში ხაზგასმულია მოწოდება: დარჩენილმა თანამშრომლებმა „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს“.