ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, მოიხადეს ბოდიში
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე იმ სპეცრაზმელებს შეხვდა, ვინც რამდენიმე დღის წინ, მასზე განხორციელებული ანგარიშსწორების ბრალდებით დააკავეს.
პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ამბობს, რომ ორივე მათგანმა დღეს ბოდიში მოუხადა.
ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. არ მქონია ამ ადამიანების მიმართ ზიზღი, ან შურისძიების განცდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, დადებითი მოვლენაა, თუმცა, ერთი იყო, რომელმაც მოახერხა და ეყო გამბედაობა, ჩაეხედა ჩემთვის თვალებში, რის გამოც, უფრო მეტად ვაფასებ ამ ადამიანს, რომელიც ზურგით იდგა და არც კი შემოუხედავს, თავისთვის ჩაიბურტყუნა, რომ ბოდიშს იხდიდა"- თქვა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირებს - გდდ-ს ყოფილ 3 თანამშრომელს, რომელთაგან ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
საქმეს გრიფი ადევს, ამიტომაც სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
ასევე ნახეთ:
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ზვიად მასიაშვილს სპეცრაზმელებმა წიხლი სახეში 2024 წლის 30 ნოემბრის აქციაზე ჩაარტეს. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მაისაშვილმა გონება დაკარგა. კადრები, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, ვირუსულად გავრცელდა.