საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა - რა თქვა პროკურორმა სპეცრაზმელების სასამართლოს შემდეგ

09.05.26 20:45
საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა - რა თქვა პროკურორმა სპეცრაზმელების სასამართლოს შემდეგ

ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი სამი თანამშრომელი ბრალს აღიარებს.

როგორც საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განუცხადა, საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა.

ამით საქმე არ მთავრდება, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ საქმეზე, უკვე ამ დროის მანძილზე ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ასეულობით მოწმე იქნა გამოკითხული, ასევე გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერების ათეულობით საათი და ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ არის, საქმე რომ ნახოთ, მოცულობითია. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უდიდესი საქმე იქნა გაწეული და სწორედ ამის შედეგია, რომ 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა, გამოძიება ამ ეტაპისთვისაც გრძელდება.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, შემიძლია გითხრათ, რომ ამ სასამართლო სხდომაზე სამივე ბრალდებულმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ისინი დანაშაულს აღიარებენ. სხვა დეტალების შესახებ, ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, - განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, იღებდნენ თუ არა ეს პირები მათი ზემდგომებისგან დავალებას, პროკურორმა თქვა, რომ  გამოძიება ამ ეტაპზეც გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირებს - გდდ-ს ყოფილ 3 თანამშრომელს, რომელთაგან ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

საქმეს გრიფი ადევს, ამიტომაც სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა. 

ასევე ნახეთ:

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.