ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე - პროკურორი ვერ პასუხობს კითხვას, გამოიკითხებიან თუ არა "ხარება" და გოგა მემანიშვილი
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებული ორი სპეცრაზმელი დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
თავად ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მის მიმართ განხორიცელებულ ძალადობაში ბევრად მეტი ძალოვანი მონაწილეობდა, რომლებიც დღემდე დასჯილები არ არიან.
ხაბეიშვილი მასზე თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად გდდ-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს და შსს-ს საპატრულოს დირექტორის მოადგილეს, გოგა მემანიშვილს ასახელებს.
სწორედ ამიტომ, დღეს საქმის პროკურორს "პირველებმა" ჰკითხა, გამოიკითხებიან თუ არა საქმეზე ხაბეიშვილის მიერ დასახელებული პირები, რაზეც ლაშა გამყრელიძემ ვერ უპასხა.
რაც შეეხება ბრალდებულ პირთა წრის შესაძლო გაზრდა, ეს დღეს სახელმწიფო ბრალდებელმა არ გამორიცხა. პროკურორის თქმით, თუ გამოძიების ეტაპზე კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გამოიკვეტება, პროკურატურას შესაბამისი რეაგირება ექნება .
გაიმართა ბრალდებულებების მიმართ წინასასამართლო სხდომა, სადაც სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდების მხარემ მოიპოვა და წარადგინა სასამართლოში. ორივე ბრალდებულის მიმართ ჩვენი პოზიციების გათვალისწინებით, გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში და საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს. საქმეში მოიპოვება არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბუნებრივია ადასტურებს მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
(კითხვა - ხომ არ ელოდებით ბრალდებულ პირთა წრის გაფართოებას?)
საქმე გამოყოფილია, მიმდინარეობს მასზე გამოძიება და როდესაც დღის წესრიგში ის მტკიცებულებები იქნება მოპოვებული, რომელიც საკმარისი იქნება კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების, ბუნებრივია პროკურატურას ექნება შესაბამისი რეაგირება.
(კითხვა - ხომ არ აპირებთ ხაბეიშვილის მიერ დასახელებული პირების - ზვიად ხარაზიშვილის და გოგა მემანიშვილის გამოკითვას?)
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც გამოყოფილია, მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნება კონკრეტულ პირთა იდენტიფიცირებისთვის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის", - აცხადებს პროკურორი ლაშა გამყრელიძე.
ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.