მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებმა მარიჯანის ქუჩაზე, მიწის ჩამოშლის შემდეგ, მუშაობა დაასრულეს.
როგორც ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან ექსპერტებმა მათ ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ მოხდება, რადგან აღნიშნულ კორპუსებში ცხოვრება, მათი თქმით, უსაფრთხოა.
- ტერიტორიას, სადაც მიწა ჩამოიშალა 4 კორპუსი ესაზღვრება.
ალექსანდრე ქავთარაძე (იგივე ლექს-სენი) "პირველებს" გვეუბნება, რომ გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხად არასწორი რეაგირება მიიღეს. მისი თქმით, პირველად რომ ბზარები გაჩნდა, შესაბამისმა სამსახურებმა ის ზევიდან ასვალტით გადაფარეს.
ეს არის დიდი ხანია, კორპუსი როცა იდგა აქ და დაანგრიეს, მაშინ დაიწყო ამის დანგრევა იმიტომ, რომ ის ხომ გამოეცალა საყრდენი. როგორც არის აშენებული ეს კორპუსები ისიც ხომ ყველამ იცის. ეს არის წლების შედეგი, რეალური საფრთხეა. პირჯვარს ვიწერთ ხშირად და მე მგონი, გადავრჩებით, ღმერთის იმედად ვართ რეალურად.
ხალხი რეაგირებს სწორად, შვილები გვყავს ყველას და ვცხოვრობთ, რაღაცა რომ ხდება არასწორი რეაგირება არის, განცხადებები დაიწერა, მაგრამ პირველად ბზარი რომ იყო მაშინ მოვიდნენ და ასვალტით გადაფარეს, ამ ასვალტით ზევიდან რომ გადაფარავ, ქვემოდან მიწა მაინც გეცლება, რა აზრი აქვს," - ამბობს ალექსანდრე ქავთარაძე (ლექს-სენი).
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ მას შემდეგ ახდენს რეაგირებას, როცა ფაქტი უკვე დამდგარია.
ეს არის უსაფრთხოების პოსტ-ფაქტუმ პოლიტიკა, როცა ხელისუფლება მხოლოდ მას შემდეგ ახდენს რეაგირებას, როცა ფაქტი უკვე ხდება. ამ შემთხვევაშიც, სანამ მიწა არ ჩამოიშალა, სანამ ფერდობი არ ჩავარდა და სანამ მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ შეექმნა პრობლემა, მანამდე რეაგირება არ ყოფილა მიუხედავად იმის, რომ მოსახლეობა ამბობს, ჰქონდათ გამგეობასთან კომუნიკაცია. ეს რომ იყოს ცალკეული შემთხვევა, ვიტყოდით, რომ გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, 13 მაისს ნაფეტვრების გზაზე გიორგი დანელიას ქუჩაზე ჩამოიშალა მთის ფერდობი და იქ მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო, ასევე ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა, სადაც მიწის ფერდობი ჩამოიშალა და ბიუჯეტს მომხდარი ამბები უფრო ძვირი უჯდება. ამ შემთხვევაშიც სავსებით შესაძლებელია, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დადოს დასკვნა, რომ ამ მოსახლეობის აქედან ევაკუაცია გახდეს საჭირო," - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, მერია საგანგებო დროს არაეფექტურად მუშაობს და "ეს მანამ გაგრძელდება, სანამ თბილისის მერი კალაძე იქნება".
ნგრევისა და დემონტაჟის პროცესში არსებობს გარკვეული საფრთხეები და ეს საფრთხეები და რისკები უნდა იყოს გადაზღვეული, მაგრამ სამწუხაროდ სისტემა ვერ მუშაობს. რატომ? - მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალაქის მერმა, კალაძემ განაცხადა, რომ იგი პასუხისმგებელია მხოლოდ მის, საკუთარ თავზე და შესაბამისად ყველა თანამშრომელი მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი იმიტომ, რომ არცერთი თანამშრომელი არ აიღებს პასუხისმგებლობას მაშინ, როდესაც თბილისის მერი არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას.
ამ წუთას, არანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, მხოლოდ ერთი ყვითელი ლენტით არის ტერიტორია შემოსაზღვრული, არანაირი სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს, როდესაც უკვე დაახლოებით 10 საათზე მეტია გასული მომხდარიდან. ეს მეტყველებს როგორი არაეფექტურია მერია ასეთი გადაუდებელი აუცილებლობების დროს და საგანგებო ვითარების დროს. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ თბილისის მერი იქნება კახა კალაძე," - ამბობს ბესიკ დონაძე.