"უნდათ, რომ შექმნან ახალი ბუა პაატა ბურჭულაძისგან" - ლექსო ბურჭულაძე სუს-ის ბრიფინგზე
"უნდათ, რომ შექმნან ახალი ბუა პაატა ბურჭულაძისგან" - ასე ეხმაურება დაკავებული მსოფლიო ბანის შვილი, ლექსო ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს.
მისი თქმით, მიზანმიმართული იყო 4 ოქტომბრის საქმეზე იარაღების თემაზე დაკავებული პირის პაატა ბურჭულაძის სახელთან ერთად ხსენება.
ლექსო ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ასეთი აბსურდი დაიჯერო - "რომ პაატა ბურჭულაძე იყო ამ იარაღის შემოტანაში ჩართული".
ცოტა ხნის წინ მოვისმინე ეს ბრიფინგი და ყველა ვიცნობთ და ვიცით ვინ არის პაატა ბურჭულაძე და როდესაც საუბარია, ჯერ რომელ გადამალულ იარაღზე, წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ რა იარაღზე არის საუბარი და ახლა უნდათ რომ პაატა ბურჭულაძის სახელი დააკავშირონ, სპეციალურად იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, თითქოს პაატა ბურჭულაძე იყო ამ თემაში გარეული და როგორ წარმოგვიდგენია, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ამ იარაღის შემოტანაში ჩართული და უნდა გადაენაწილებინა ეს იარაღები? - როგორ შეიძლება ასეთი აბსურდი დაიჯერო.
ერთადერთი ის განცდა დამრჩა, რომ პირველი ყველამ გავიხსენოთ, პაატა ბურჭულაძის სახელის შენახვა დაიწყო POSTV-ით, "იავნანას" თემაზე, შემდეგ ეს საქმე შემოდეს თაროზე, მაგრამ რამდენი ტალახი ესროლეს, ამის შემდეგ იყო 4 ოქტომბერი, სადაც ყველას ცალსახად მოგვიწოდებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მშვიდობიანი... არანაირი ხელჩართული ჩხუბი და არათუ იარაღზე საუბარი არ იგეგმებოდა და არ იყო, ყოველდღიურად მიმეორებდა მე ამ ინფორმაციას.
როგორც ჩანს, ვერ გაუფუჭეს სახელი, ვერ შეძლეს დაგმობა დასავლეთისგან ამ 4 ოქტომბრის და ახალი წამოიწყეს ახლა, რომ თავის ამომრჩეველს რაღაცნაირად დააჯერონ. რატომ ახსენეს იარაღებთან მაინც და მაინც პაატა ბურჭულაძე - უნდათ, რომ შექმნან ახალი ბუა პაატა ბურჭულაძისგან, რაც არ გამოუვათ. რაღაც ზღვარი ხომ არსებობს ყველაფრის, რის იქითაც არავინ აღარ დაიჯერებს, ჩემი აზრით, ზუსტად ეს არის ის შემთხვევა..." - განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.
- ცნობისთვის, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იძებნებოდა.
- მისივე თქმით, გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და ბაჩანა ახალაიას, პაატა ბურჭულაძესა და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებს შორის კონტაქტების დადგენაზე.