კობახიძის პოლიტიკური შემოდგომა დადგა - ანი მიროტაძე

20.08.26 13:12
კობახიძის პოლიტიკური შემოდგომა დადგა - ანი მიროტაძე

 

 

ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძის "პოლიტიკური შემოდგომა დადგა" - ამის თქმის საფუძველს "ოცნების" ყოფილ თანაგუნდელს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებული წერილები აძლევს.

ანი მიროტაძე ვარაუდობს, რომ ახლა ექს-პრემიერი რევანშისთვის ემზადება. 

"კობახიძის ჩამოშორებას, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი სიამოვნებით გააკეთებს ღარიბაშვილი" - ამბობს მიროტაძე. 

ეს უკვე არის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რევანში ღარიბაშვილის და მგონია, რომ ამის საქმის კურსში არის ბიძინა ივანიშვილი და მგონია, რომ დადგა კობახიძის პოლიტიკური შემოდგომა. ამ ამბავს, ანუ ხელისუფლებიდან კობახიძის ჩამოშორებას, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი სიამოვნებით გააკეთებს ღარიბაშვილი. 

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ახლა სჭირდება თავის მარიონეტების თეატრში მორიგი სპექტაკლი, ამ სპექტაკლის მთავარი გმირი ვინც არის ახლა, კობახიძე აღარ სჭირდება მთავარ გმირად და შესაბამისად ის შეეცდება, რომ ამ თავისი მარიონეტებით ეს ახალი, ე.წ. ტრიუკი, რომელიც მას უყვარს, განახორციელოს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძალიან დაიჯერეს კობახიძემ და მისმა მხარდამჭერებმა, მისი გუნდის წევრებმა, რომ მათ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ეს ორმაგი მოტივაციაა ბიძინა ივანიშვილისთვის იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაწინაურებული ხელის ბიჭები კი არ სჭირდება, ბოლომდე მასზე დამოკიდებული, უსიტყვოდ შემსრულებელი, მაგრამ მონური მორჩილების მქონე ადამიანები და როგორც ჩანს, კობახიძემ ეს სტანდარტი ცოტა დაარღვია, ეს ერთი და მეორე, ვადაც გაუვიდა," - ამბობს ანი მიროტაძე. 

პოლიტიკურ თუ სხვადასხვა წრეებში ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი "მოჩვენებითი ოპოზიიციის ლიდერად გაასაღონ".  ეს ეჭვები ყოფილი პრემიერის მიერ მმართველი გუნდის ლიდერების წინააღმდეგ ციხიდან გავრცელებულმა წერილების სერიამ გააჩინა. 

ცნობისთვის, გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. 

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.

"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .

ასევე ნახეთ: