ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმე - პროკურორი არ პასუხობს კითხვას, გამოიკითხნენ თუ არა ხარება და გოგა მემანიშვილი

01.09.26 12:56
ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმე - პროკურორი არ პასუხობს კითხვას, გამოიკითხნენ თუ არა ხარება და გოგა მემანიშვილი

ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმე - პროკურორი ლაშა გამყრელიძე არ პასუხობს "პირველების" კითხვას, გამოიკითხნენ თუ არა ზვიად ხარაზაშვილი (ხარება) და გოგა მემანიშვილი. 

აღნიშნულ საქმეზე თვეებია გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებულია რამდენიმე სპეცრაზმელი, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მისცეს თუ არა ჩვენება ოპოზიციონერი ლიდერის მიერ დასახელებულმა მაღალჩინოსნებმა.

ლაშა გამყრელიძის ცნობით, დღევანდელ სასამართლო სხდომას დაკავებული სპეცრაზმელები არ ესწრებოდნენ. მისივე თქმით, ბრალდებულები დანაშაულის აღიარების შემდეგ, პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. 

დაცვის მხარემ შესავალი სიტყვით დღეს არ ისარგებლა და გადაიდო დღევანდელი სასამართლო პროცესი. რაც შეეხება ბრალდებულებს, ბრალდებულები დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ და არ ესწრებიან სასამართლო სხდომებს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი ენდობიან მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს და უფლებას აძლევენ, მათი დასწრების გარეშე განიხილონ სასამართლო. 

ლევან ხაბეიშვილს არაერთხელ შეეთავაზა საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება, თუმცა იგი ჩემთვის გაუგებელი მიზეზით არ იღებს მონაწილეობას საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებებში, შესაბამისად ჩემთვის უცნობია ის რას აცხადებს მასმედიაში, თუმცა საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებაში იგი არ იღებს მონაწილეობას და არ თანამშრომლობს. პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა გამომძიებელი, თუმცა ინფორმაციის მიწოდებაზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა უარი. საქმეზე არაერთი მოწმეა გამოკითხული, რომელიც იძლევა ბრალდებულების მამხილებელ ინფორმაციას," - ამბობს საქმის პროკურორი. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 6 მაისს პროკურატურამ 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

"პირველებს" ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გადასცა წერილი, სადაც ენმ-ს ლიდერი მისი წამების მთავრ ორგანიზატორებად ზვიად ხარაზიშვილს და გოგა მემანიშვილს ასახელებს.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სასტიკ ძალადობას მწვანე შუქი ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ აუნთეს.

ხაბეიშვილი ახსენებს შსს-ს ყოფილ და სუს-ის ექს-ხელმძღვანელებსაც და აცხადებს, რომ მის საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლები "მოლოდ ლიფსიტები" არიან.