იატაკქვეშა ვაქცინაცია ქვეყანაში - ვისი ახლობლები ხვდებიან VIP სიაში

26.06.21 20:16
იატაკქვეშა ვაქცინაცია ქვეყანაში - ვისი ახლობლები ხვდებიან VIP სიაში

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი სავარაუდოდ, იატაკქვეშ, არალეგალურად, მიმდინარეობს. სად გაქრა  ვაქცინა – ამ შეკითხვას პასუხს აუდიტის სამსახურმა უნდა გასცეს. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ როგორც "ფაიზერის", ასევე "ასტრაზენეკას" 5 ათასამდე დოზა გამქრალია. 

საქართველომ სულ 86 600 დოზა ვაქცინა მიიღო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ადასტურებს, რომ დანაკარგი 3%-ია, რაც 2 580 დოზას შეადგენს.

ტვ პირველის შაბათის ეთერს სანდო წყარო უყვება, რომ ამ დოზებით პრივილეგირებული მოქალაქეები რეგისტრაციის გვერდის ავლით აცრეს. VIP სიაში მყოფებს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგზავნიდა, რადგან ამ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მათთვის სანდო კადრს აბარია.

ტვ პირველის შაბათის ეთერისთვის ცნობილი გახდა, რომ არარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ახლო მეგობარი აკონტროლებს. ჯაკო უგრეხელიძე ტიკარაძის მოადგილის,თამარ გაბუნიას, მეგობარია და მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის მიმართულება ჩააბარეს.

უგრეხელიძე ადასტურებს, რომ მინისტრის მოადგილესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, თუმცა უარჰყოფს, რომ ვაქცინაციის პროცესი მას აბარია.

თამარ გაბუნიასთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა და ძალიან კარგი ურთიერთობა, მათ შორის, მეგობრულიც. მე ვარ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე”, - ამბობს ჯაკო უგრეხელიძე.

თამარ გაბუნია კი ადასტურებს, რომ ჯაკო უგრეხელიძე ვაქცინაციის პროცესს მართავს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯაკო უგრეხელიძის კაბინეტში არარეგისტრირებული მოქალაქეები იცრებოდნენ.

სქემა ასეთია -  დოკუმენტებში აფორმებდენ, რომ მაგალითად “ასტრაზენეკას” 7 დოზა გამოიყენეს დანარჩენი 3 კი გაფუჭდა.

შაბათის ეთერის ინფორმაციით, “ასტრაზენეკას” გაფუჭებულად გაფორმებული 2500-ზე მეტი დოზიდან ყველაზე მეტი – 700 ერთეული დოზა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე მოდის. ეს დოზები 350 ადამიანის ვაქცინაციისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე, ამბობს, რომ ვაქცინების გაქრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამქრალ ვაქცინებზე 22 ივნისს მედიისთვის განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინების რაოდენობის  შესახებ ბაზაში სხვა მონაცემები არსებობდა. NCDC-ის დირექტორმა მომხდარი არასწორი ადმინისტრირებით ახსნა და თქვა, რომ დოზები დაკარგული არ არის.

 

 

 

 

 

 

 

    მსგავსი სიახლეები