თვალებში ნაცრის შეყრა და ხალხის უპატივცემულობა - ქიქოძე რუსული კანონის შემობრუნებაზე
თვალებში ნაცრის შეყრა და ხალხის უპატივცემულობა - ასე აფასებს მწერალი არჩილ ქიქოძე "ოცნების" მიერ რუსული კანონის უკან შემობრუნებას.
აბსოლუტურად იგივეა ყველაფერი და ეს მეთოდი კიდევ, როგორც შემოაბრუნეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, საკუთარი ხალხის უპატივცემულობა. ჩემთვის სახელს თავიდანვე არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარია, ვისკენ არის მიმართული. მიმართულია იმისკენ, რომ მოგვწყვიტონ დასავლეთს", - ამბობს არჩილ ქიქოძე.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.
საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.
"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.