მედიაომბუდსმენი პარლამენტს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
მედიაომბუდსმენი საქართველოს პარლამენტს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას და წერს, რომ ომბუდსმენი მზად არის, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მედიის წარმომადგენლებს.
"დღეს, 8 აპრილს, თბილისში, პარლამენტთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღეს პარლამენტში არ შეუშვეს საშვის მქონე ჟურნალისტები. პარლამენტის ბიურო დღეს რუსულ კანონს განიხილავს
მედიაომბუდსმენი USAID მედია პროგრამის დახმარებით აგრძელებს მედიის დახმარებას - პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს ვთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
პარლამენტში ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი მეორედ დაინიცირდა. კანონპროექტზე მსჯელობა კი პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება.
ბიუროს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები სამთავრობო გუნდთან - აინტერესებდათ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.