სიკვდილის ბრიგადები ხელშეუხებლები არიან - შსს არ ამბობს, თუ ვინ მოაწყო ქვეყანაში სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე
სიკვდილის ბრიგადები ხელშეუხებლები არიან - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, თუ ვინ მოაწყო ქვეყანაში სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე.
სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი, ლაშა ღვინიანიძე "პირველებთან" პროცესების განვითარებას იხსენებს და აცხადებს, რომ მას მთელი დღის განმავლობაში უცხო ნომრიდან ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე დასძენს, რომ მის ტელეფონზე ბოლო ზარის შესვლის დროს, 20-25 წამის განმავლობაში ხმას არავინ არ იღებდა, რაც აქტივისტს უჩენს ეჭვს, რომ სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი.
"ამ ზარიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ გაჩნდნენ ჩემთან" - იხსენებს ლაშა ღვინიანიძე და იქვე ამატებს, რომ ძალადობრივი ქმედებების უკან ივანიშვილის გუნდი დგას.
მეგობართან ვიყავი გარეთ. საიდანაც რეკავენ ხოლმე, მაგ ნომრით შემომივიდა ზარი. თავიდან სიჩუმე იყო და ეჭვის დონეზე ვფიქრობ, რომ მაგით დაადგინეს ლოკაცია, რადგან ამ ზარიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ გაჩნდნენ ჩემთან. სამნი იყვნენ პირბადეებით. ზემოთ აგვცდნენ, ჩაგვიარეს და მერე გამარჯობაო და ვერც მოვასწარით რეაგირება. 72 წლის მამაჩემს დაემუქრნენ და აი საღამოს აღასრულეს მუქარა, რომელიც ყველას გვეგონა, რომ უბრალოდ სატელეფონო ხუმრობები იქნებოდა. შეუკვეთეს შიში, მაგრამ მიიღებენ იმას, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვრჩება, რადგან ვიაზრებთ, რომ ეს ყველაფერი მთელს ქვეყანაში ასე გაგრძელდება და მიადგებიან ყველას, თუ ახლა ჩვენ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ან უნდა გავიქცეთ მერე, ან უნდა ვიცხოვროთ ბელორუსში.
რამდენიმე სააათის წინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.