შეშინებულ ვირთხებს ჰგავდით! ფუი, შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა, არ გრცხვენიათ? - ჭოხონელიძე ხელისუფლებას
შეშინებულ ვირთხებს ჰგავდით! ფუი, შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა, არ გრცხვენიათ? - ასე მიმართავს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ხელისუფლებას, გუშინდელი სადამსჯელო ღამის შემდეგ.
ჭოხონელიძე ივანიშვილის გუნდს ეუბნება, რომ რუსული კანონის გაპროტესტების გამო ფიზიკური ანგარიშსწორება და სატელეფონო მუქარა ვაჟკაცობა კი არა შიშის და გაბოროტების გამოხატულებაა.
მომღერალი ხაზგასმით ამბობს, რომ თანამემამულეების წინაშე ჩადენილ ცოდვას ეს ხელისუფლება ვერ ჩამოირეცხავს.
ვირთხებს ჰგავდით შეშინებულები, ნაყიდი, რაღაცნაირად დასუსტებულები და გაბოროტებულები და ძალიან მშიშრები. თქვენ რა ძალა გაქვთ? 5 კაცი დაესიეთ ერთ კაცს, არ გრცხვენიათ? ფუი, შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა. ეს როგორ გააკეთეთ, ასე როგორ გიყიდეს? ან ეს ყველაფერი ხომ ერთდღიანია? დარწმუნებული ვარ, ის მშობლები არიან თქვენი მშობლები ხახვზე და კარტოფილზე გაყიდულები. ამ ხახვებს ყურებზე თავად დაგაჭრიან. ვერავითარ შემთხვევაში თქვენი მონაგარი ვერ ჩამოირეცხავს იმ ძალიან დიდ ცოდვას, რასაც თქვენ ახლა თქვენივე თანამემამულეების წინაშე ჩადიხართ", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.