"ფსკერის ფსკერში ვართ! ამის შემდეგ უკვე მკვლელობებია..." - გია ბუღაძე
ფსკერის ფსკერში ვართ, ამის შემდეგ უკვე მკვლელობებია, ღმერთმა დაგვიფაროს! - ასე ეხმაურება მხატვარი გია ბუღაძე გუშინდელ სადამსჯელო ღამეს.
ბუღაძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, რათა არჩევნები გააუქმოს.
საერთოდ, ეს განცდა მაქვს, რომ ამის იქით რაღა უნდა გააკეთონ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფსკერი ძალიან ღრმად არის, ჩადის და ჩადის. ნუ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მკვლელობებია, პირდაპირი გაგებით. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რეალურად მათი ამოცანა არის, რომ არ შედგეს არჩევნები. მათ აწყობთ დაძაბულობა, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. ეს იქამდე მივა, რომ გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას, ხელისუფლება ყველაფერზე წავა. როდესაც საგანგებო მდგომარეობაა, შეუძლიათ ამ დროს გააუქმონ არჩევნები. ასე რომ ფსკერის ფსკერში ვართ და კიდევ უფრო მოსალოდნელია ქვევით ჩასვლა. მთავარია არ შევშინდეთ", - ამბობს გია ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.