არ გვეშინია, არ ვიღლებით - გია ჯაფარიძე, რომელსაც ზონდერები სასტიკად გაუსწორდნენ, აქციაზე მივიდა

11.05.24 20:05
არ გვეშინია, არ ვიღლებით - გია ჯაფარიძე, რომელსაც ზონდერები სასტიკად გაუსწორდნენ, აქციაზე მივიდა

ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მსხვერპლი გია ჯაფარიძე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მივიდა - "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარი ევროპულ მარშს შეუერთდა.

"არ გვეშინია, არ ვიღლებით" - ამბობს გია ჯაფარიძე და საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

მკვლევარი აცხადებს, რომ ახლა საქართველოს ბედი წყდება, რადგან რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანა ოკუპანტის "უკანა ეზო" იქნება.

არ გვეშინია. არ ვიღლებით. ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და აქ ვიდგები სულ. ახლა არ არის პირადი ამბების დრო. ახლა წყდება ჩვენი შვილების და ჩვენი სახელმწიფოს მომავალი. ან ჩვენ ვიქნებით სამართლიანობის, მორალის, მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის სივრცეში, ან ვიქნებით უსამართლობის, ამორალურობის, სიღარიბის სივრცეში და რუსეთის უკანა ეზო, რაღაც მივარდნილი გუბერნია. ეს წყდება დღეს. ეს არ არის მხოლოდ ერთი კანონის თემა, ამ კანონით წყდება საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების ბედი. ჩვენ არ გვაქვს დაღლის და შიშის უფლება", - ამბობს გია ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ. 

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - საქართველო ქუჩაშია. ევროპულმა მარშმა გეზი ოთხი ლოკაციიდან აიღო. მოქალაქეები მეტრო 300 არაგველზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. ამ წუთებში ათი ათასობით ადამიანი ევროპის მოედნისკენ მიემართება.