ზუკა ბერძენიშვილს ტვინის შერყევა აქვს, შსს-მ გამოძიება დაიწო
სასტიკად ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი "ბოჭორიშვილის" სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, მას ტვინის შერყევა აღენიშნება. ექიმები ამ წუთებში ადგენენ, აქვს პაციენტს მოტეხილობები.
ექიმი ილია ოქროჯანაშვილი ამბობს, რომ კვლევების დასრულების შემდეგ, გადაწყვეტენ, დატოვებენ თუ არა ზუკა ბერძენიშვილს კლინიკაში.
"პირველების" ჟურნალისტის კითვაზე, აქვს თუ არა მას მოტეხილობები, ექიმმა უპასუხა, რომ "ჯერ კვლევის პროცესშია".
ძირითადად აღენიშნება სახის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ ეტაპზე იმყოფება კვლევის პროცესში. დინამიკში განვსაზღვრავთ მკურნალობის ტაქტიკას”, - თქვა ექიმმა ილია ოქროჯანაშვილმა.
პარალელურად, როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.
გომელაურის უწყებას საქმეზე დაკავებული არ ჰყავს. პოლიცია არ მისულა ზუკა ბერძენიშვილის მეზობელთან, რომლის კამერამაც სავარაუდოდ თავდასხმა გადაიღო.
პოლიციამ იცის იმ ავტომობილის მარკა და სანომრე ნიშანიც, სადაც ე.წ. ზონდერები ისხდნენ და ზუკა ბერძენიშვილის სახლიდან გამოსვლას ელოდებოდნენ.
ნაცემი აქტივისტის მეგობრის, სალომე ბარკერის ცნობით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
თავად ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასტიკად ცემის დროს, მას ერთ-ერთი თავდამსხმელი ფიზიკური ანაგარიშსწორებით დაემუქრა.
თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.