"ლოჩოშვილმა, ბუდუმ და მამარდამ ხელი დაგვიქნიეს" - რა ვითარებაა ქალაქ ველბერტში?
ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამხნევებას აგრძელებენ - გერმანიის ქალაქ ველბერტში სპორტსმენების სასტუმროსთან შეკრებილი მოქალაქეები ადგილზე რჩებიან და კვირის მთავარ გმირებს ოვაციებით ემშვიდობებიან.
როგორც ქომაგი ამბობს, გულშემატკივრების ხმამ ფეხბურთელებამდე მიაღწია, რადგან რამდენიმე წუთის წინ ლუკა ლოჩოშვილმა, გიორგი მამარდაშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ სასტუმროს გარეთ მყოფ ადამიანებს ხელი დაუქნიეს.
ზოგი ჰოლანდიიდან ჩამოვიდა და გუშინდელი წაგების შემდეგ ვამხნევებთ ჩვენს ფეხბურთელებს. ლოჩოშვილმა და ბუდუმ ხელი დაგვიქნია და ველოდებით ახლა მათ გაცილებას. 1 საათში უნდა გამოვიდნენ და წავიდნენ აეროპორტისკენ. ემიგრანტები აქ ვართ. სასტუმრო ჯერ არავის დაუტოვებია. ლოჩოშვილი იყო გამოსული და ისევ შებრუნდა უკან. ვთხოვეთ, რომ ფოტოები გადაეღოთ ჩვენთან. რამდენიმემ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე უკვე წასულია, მაგრამ სად წავიდნენ, არ ვიცით. შეიძლება, შიგნით იყვნენ. გიორგი მამარდაშვილი წესით წასული უნდა იყოს", - ამბობს გულშემატკივარი.
"გულს ნუ გაიტეხთ, სადაც წახვალთ თქვენ, იქ დაგხვდებით ჩვენ" - სკანდირებენ ქალაქ ველბერტში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სასტუმროსთან შეკრებილი მოქალაქეები და ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა და წარმატებული მატჩების შესრულებისთვის მადლობას უხდიან.
გულშემატკივრებს გურამ კაშია და გიორგი ქოჩორაშვილი შეხვდნენ, რომლებმაც ქომაგებთან ფოტოები გადაიღეს და მათ ავტოგრაფი მისცეს.