კახა წიქარიშვილი: დღეს სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემა არის კლანი, რომელიც მაფიოზური ჯგუფია

11.07.24 14:17
კახა წიქარიშვილი: დღეს სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემა არის კლანი, რომელიც მაფიოზური ჯგუფია

იურისტმა კახა წიქარიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე ქართული მართლმსაჯულების მთავარ პრობლემად სასამართლოს სათავეში არსებული კლანური მმართველობა დაასახელა.

წიქარიშვილმა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს "მაფიოზური ჯგუფი" უწოდა და განაცხადა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას სასამართლო სრულ მორჩილებაში ჰყავს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა მოსმენაზე სასამართლო სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მართლმსაჯულება არაეფექტური და ჩაკეტილია. 

სასამართლოში პრობლემა არის ეფექტურობა, პრობლემა არის ვადები, სასამართლო სისტემა არ არის სერვისზე ორიენტირებული ორგანიზმი, სასამართლო სისტემა არის ჩაკეტილი და მთავარი, ღირებულებები არის უკუღმა ანუ მოსამართლეები, რომლებიც არიან უფრო დამოუკიდებლები, ან საერთოდ განიდევნებიან სისტემიდან, ან არიან ყველაზე დაბალ საფეხურზე და რომლებიც არიან მორჩილები კლანის მიმართ ან პოლიტიკური ფენის მიმართ, ხდება ამ მოსამართლეების დაწინაურება უმაღლეს ეშელონებამდე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში. ანუ, პრაქტიკულად, უკუღმა არის აწყობილი მთელი სასამართლო სისტემა. ღირებულებები როგორც უნდა იყოს, ამ ღირებულებების საწინააღმდეგოდ არის აწყობილი სასამართლოს იერარქია. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც ერთი და ორი გამოსავალი არ ეყოფა, ერთი და ორი წამალი ამისთვის არ არსებობს, ამას ძალიან კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

დღეს სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემა არის კლანი, რომელიც არის მაფიოზური ჯგუფი. საერთაშორისო ლიტერატურაშიც ასე მოიხსენიება ასეთი ჯგუფები სასამართლო სისტემაში, რომელიც ემსახურება თავის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სასამართლო სისტემაში ეს ჯგუფი ემსახურებოდა წინა ხელისუფლებას და ახლა ემსახურება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ვინ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრი? დილიდან ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, წელს პირველად საბჭოში მოხვედრის მსურველებს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კომისია გაესაუბრება. ახლა სწორედ ყოფილმა მოსამართლეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იმუშავებს საბჭოში. მსურველთა სიაში ხუთი კანდიდატია. გასაუბრება პირდაპირი სტრიმის საშუალებით გადაიცემა. 

 კომისია გასაუბრებას გამართავს:

  • გიორგი ბურჯანაძესთან,
  • დიმიტრი გაბუნიასთან,
  • მანუჩარ კაკოჩაშვილთან,
  • კახა წიქარიშვილთან
  • თამარ ალფაიძესთან.  

ასევე ნახეთ:

იუსტიციის საბჭოს წევრობა დიმიტრი გაბუნიასაც უნდა - რას პასუხობს იურისტი მის მიმართ არსებულ კითხვებს? 

თუ გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, მზად ვარ, „ვეტინგის“ პროცედურა გავიარო - გიორგი ბურჯანაძე

"მონსტრი" - დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე