"აღენიშნება თავის ტვინის ტრავმული დაზიანება" - ციხეების ყოფილი შეფის ძმის გადარჩენას ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ
სპეცრაზმელის მიერ ნაცემი ციხეების ყოფილი შეფის ძმის გადარჩენას ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ - როგორც საავადმყოფოს თანამშრომლები "პირველებს" უყვებიან, რევაზ მიხანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მას თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნება.
"გადმოცემით ვიცი, რომ ნახეს ეზოში წაქცეული" - აცხადებს ექიმი და იქვე დასძენს, რომ დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შემოიყვანა.
მამაკაცი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ სამხედრო ჰოსპიტალში 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში. ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, თავის ტვინის დაჟეჟილობა. პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. გადმოცემით ვიცი, რომ ნახეს ეზოში წაქცეული. უგონო მდგომარეობაში იყო. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია", - ამბობს ექიმი.
ცნობისთვის, რევაზ მიხანაშვილი ციხეების ყოფილი შეფისა და ინტერპოლის მოქმედი თანამშრომლის, ზვიად მიხანაშვილის ძმაა, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების გამო ბელგიიდან საქართველოში ჩამოვიდა.
დაპირისპირება ატენში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, დიმიტრი რევაზაშვილია, რომელიც თანასოფლელს სასტიკად გაუსწორდა.
თუ რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ჩხუბში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ჯგუფურად მონაწილეობდა.
როგორც მეზობლები "პირველებს" ეუბნებიან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზვიად ხარაზიშვილის გარემოცვის წარმომადგენელმა თანასოფლელი ცემა.
ადგილობრივების თქმით, დიმიტრი რევაზაშვილი ყოველი ქეიფის შემდეგ ახალგაზრდებს ავიწროებდა და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.