ამ პროტესტის მიზანია, ქვეყნის დაბრუნების მოთხოვნა - არჩილ ბერიძე, ბსუ-ს სტუდენტი
ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი გრძელდება. როგორც ისინი ამბობენ, მათი მთავარი მიზანი ქვეყნის დაბრუნებაა და ეს სწორედ უნივერსიტეტიდან უნდა მოხდეს.
ბსუ-ს სტუდენტის, არჩილ ბერიძის თქმით, უნივერსიტეტი არის ის კერა, საიდანაც შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის დაბრუნება მოხერხდეს.
“ეს არის სტრატეგიულად გადამწყვეტი ადგილი და აქედან სწორედ ამიტომ დავიწყეთ“,- ამბობს ის.
სტუდენტები გამაგრებულები ვართ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რათა გავაპროტესტოთ გაყალბებული არჩევნები და ის პროცესები, რაშიც ბათუმის უნივერისტეტის ადმინისტრაცია ღიად იყო ჩართული. ამ პროტესტის მიზანია, ქვეყნის დაბრუნების მოთხოვნა. ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ უნივერსიტეტიდან, რადგან ის არის კერა, საიდანაც შესაძლოა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება მოვახერხოთ. ეს არის სტრატეგიულად გადამწყვეტი ადგილი და აქედან სწორედ ამიტომ დავიწყეთ.
ჩვენ ვართ გუშაგები ჩვენი ხმების, სამშობლოსი, ჩვენი უნივერსიტეტის და ვაცხადებთ, რომ ვერც „ოცნება“ და ვერ რუსეთი ქართველ მოსახლეობას საქართველოს ვერ წაართმევს“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტია. ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა - „გუშაგები“ დააფუძნეს.
ისინი აცხადებენ, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.
დღის პირველ ნახევარში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.