ძალა ჩვენშია და არ ვაპირებთ დანებებას - გრუნის სტუდენტების ნაწილი ბსუ-ს სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს
გრუნის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტების ნაწილი ბსუ-ს სტუდენტების პროტესტს უერთდება და სოლიდარობას უცხადებს მათ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი არ აპირებენ დანებებას და ახალგაზრდების ნებას ვერაფერი აღუდგება წინ.
გრუნის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტების ნაწილი სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვდგავართ მათ გვერდით ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში.
ახალგაზრდები ამ არჩევენებში ჩართულები ვიყავით აქტიურად და ჩვენი თვალით ვხედავდით თუ როგორ გვართმევდნენ ჩვენს ევროპულ არჩევანს და მომავალს.
სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ და დავიცვათ ის რაც წაგვართვეს, ის რაც ჩვენია და დროებით ოკუპირებულია.ვერაფერი აღუდგება წინ ახალგაზრდების ნებას, ძალა ჩვენშია და არ ვაპირებთ დანებებას.
ბრძოლა ბოლომდე!, -წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტია. ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა - „გუშაგები“ დააფუძნეს.
ისინი აცხადებენ, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.
დღის პირველ ნახევარში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.