სანქციების გავლენა ეკონომიკაზე - ბიზნესმენები ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა მძიმე ფასს გადაიხდის

20.12.24 17:54
სანქციების გავლენა ეკონომიკაზე - ბიზნესმენები ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა მძიმე ფასს გადაიხდის

ბიზნესმა მძიმე შედეგები არჩევნების შემდეგ უკვე მიიღო. ეს იყო ზღვარი ინვესტორებისთვის, როცა უნდა გადაწყვეტილიყო, აპირებდნენ თუ არა საქართველოში ინვესტირების გაგრძელებას.

ბიზნესმენები “პირველებთან “ საუბარში ამბობენ, რომ ბევრი მოლაპარაკება გაუქმდა, ნაწილი დაპაუზდა, და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ფიქრიც კი შეუძლებელია, სამომავლო გეგმებზე.

მათივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ისევ ქვეყნის ეკონომიკა გადაიხდის მძიმე ფასს და კობახიძის მტკიცება, რომ 20 იანვრის შემდეგ, თითქოს, ქვეყანაში რამე შეიცვლება, სრული აბსურდია.

ბიზნესმენები ამბობენ, რომ პირველი იქნება მცირე ბიზნესები, ვინც მიიღებს დარტყმას, შემდეგ კი ტურიზმი და სამშენებლო სექტორი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ფიზიკურად ვერ დარჩება ვერცერთი სექტორი, რომელზეც დაწესებულს ანქციებს, შედეგი არ ექნება.

გაუარესდება სიტუაცია, ინვესტიციები არ შემოვა, ლარი გაუფასურდება, ბევრ სექტორს შეეხება, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორს, უძრავი ქონების და ა.შ. საქართველო რაღაცით უნდა იყოს  საინტერესო უცხოელი ინვესტორისთვის, ბუნებრივია, სკეპტიციზმი იქნება ევროპელ პატნიორებსა და ინვესტორებში. გვქონდა მოლაპარაკებები, რომლებიც სამწუხაროდ, დაპაუზდა“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მათივე თქმით, ბიზნესს იმდენად გაუჭირდა, რომ ადაპტაცია აღარ გამოდის. 

ასეთ ღრმა კრიზისში ჩვენი ქვეყანა დამოუკიდბელობის შემდეგ არ ყოფილა. ეს ყველაფერი აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას ჩვენს ეკონომიკასა და ბიზნესის განვითარებაზე. ეს თუ ასე გაგრძელდა, ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. არ არის ჩუმად ყოფნის დრო, რადგან ქვეყანა განსაცდელია“,- ამბობს ბიზნესმენი.

ბიზნესმენები ამბობენ, რომ იანვრის პირველი ნახევარი ყველაზე მძიმე და გადამწყვეტი იქნება და ეროვნული ბანკი ხელოვნური ჩარევებითაც ვეღარ გააჩერებს. 

რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგს მივიღებთ პოლიტიკური კრიზისის პირობებში - საკითხზე თავისუფალი ბიზნესი რამდენიმე საატის განმავლობაში მსჯელობდა. 

უკვე რამდენიმე დღეა თავისუფალი ბიზნესი მუქარის მიუხედავად გაჩუმებას არ აპირებს და პრობლემებსა და გამოსავალზე საუბრობს.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. 

ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.