ზარქუას აბუ დაბი მოსანატრებელი გაგიხდებათ - სხვიტარიძის დედა მოსამართლეს და პროკურორს
ზარქუას აბუ დაბი მოსანატრებელი გაგიხდებათ, აუცილებლად აგებთ პასუხს - ასე მიმართა სასამართლო სხდომის შემდეგ საბა სხვიტარიძის დედამ საქმის პოკურორს და მოსამართლე ნატო ხუჯაძეს.
ელენე ახობაძემ რეჟიმს ბოლომდე ბრძოლა დაუანონსა და თქვა, რომ მისი შვილი ბორკილებდადებული უფრო თავისუფალია, ვიდრე ისინი, ვინც უკანონო დავალებებს ასრულებენ.
ჩემი შვილი არის ბორკილებით, მაგრამ არის თავისუფალი, აი ესენი ხელებგახსნილები, მაგრამ არიან მონები და დარჩებიან მონებად. აუცილებლად, ბოლომდე ვიბრძოლებ, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს პროკურორსაც და მოსამართლესაც, ოღონდაც ჩემი თანდასწრებით. აბუ დაბი, როგორც ზარქუას ჩაუტარდა, ისე ჩაუტარდებათ აამათ, მოსანატრებელი გაუხდებათ"- განაცხადა სხვიტარიძის დედამ.
საბა სხვიტარიძის პატიმრობაში დატოვებას სხდომათა დარბაზში მყოფების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ასევე უკმაყოფილება გამოიწვია მოსამართლე ხუჯაძის "შეფასებამ", რომელმაც ძალადობის კადრებზე თქვა: "შეფასებას - ვინ ვის ურტყამს, ჩვენ არ ვაკეთებთ".
ამის შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოსამართლე ნატო ხუჯაძეს "მონა" და "მათხოვარი" ეძახეს.
სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა სხვიტარიძე დაკავების შემდეგ, სასტიკად სცემეს და წამებასთან გათანაბრებულ პირებებში ამყოფეს - ადვოკატის და ოჯახის თქმით, ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა საქმეზე არც ერთი მოძალადე არ დაუსჯიათ.