დადგენილია იმ პოლიციელების გვარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნახეს, როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს
დადგენილია იმ პოლიციელების გვარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნახეს, როგორ "გაუწითლდა ლოყა და ყური" ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, როდესაც მზია ამაღლობელმა "სილა გააწნა".
ახლა სინდისის პატიმარი ჟურნალისტის წინააღდეგ საქმეში ოთხი მოწმე ჩანს, ერთ სტაჟიანი და სამი ახალბედა პოლიციელია.
ერთ-ერთი არჩილ ანთაძეა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ ირაკლი დგებუაძეს სილის გაწნის შემდეგ ლოყა და ყური გაუწითლდა.
ანალოგიური ჩვენება მისცა გამიძიებას ამავე განყოფილების დეტექტივმა, ცოტნე ქართველიშვილმა.
მომხდარი შემთხვევის დროს მე ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია, ხოლო ირაკლი დგებუაძეს მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლის კვალი", - წერია ქართველიშვილის ჩვენებაში.
საქმეში ასევე დევს ბათუმის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების, უბნის უმცროსი ინსპექტორის, დავით ანთაძის ჩვენება.
მეოთხე ჩვენებას რაც შეეხება, ის არის ვახტანგ ბოლქვაძის, რომელიც მართლწესრიგის უფროსი ოფიცერია.
მათივე ჩვენებები ასევე იდენტურია, როგორც წინადადების წყობით, ისე პროცესის აღწერის თანმიმდევრობით.
იურისტების და დაკავებული ჟურნალისტის კოლეგების თქმით, ჩვენების კოპირება აჩენს ეჭვს, რომ სინდიდის პატიმრის წინააღმდეგ საქმის შესაკერად დააკოპირეს წინასწარ მომზადებული ტექსტი.
ყოვლად დაუშვებელია რომ იგივე უწყება იძიებდეს ამ საქმეს, თუმცა როცა ვუყურებთ ამ კონტექსტს, როგორ გასულია ყველაფერი საკანონმდებლო სივრციდან. არცერთი ინსტიტუტი ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს სახელმწიფოში, მაშინ არ არის გასაკვირი თორემ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იგივე უწყება იძიებდეს მზია ამაღლობელის საქმეს, რომლის უფროსმაც სახეში შეაფურთხა ჟურნალისტს. რომლის უფროსმაც არ მისცა შესაძლებლობა საპირფარეშოთი ესარგებლა, არაადამიანურად მოეპყრნენ და ამ მუხლითაც კი არ დაიწყო გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. არაადამიანური მოპყრობაა ეს და ძალიან ცხადი და ცალსახაა გამოძიებას იწყებ უფლება მოსილების გადამეტებით. ეს ყველაფერი სწორედ ამაზე მიუთითებს. შეუძლებელია და უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ის, რომ თან ყველა პოლიციელმა ერთნაირად დაინახა და შეამჩნია თურმე, როგორ გაუწითლდა დგებუაძეს ლოყა. სჯიან, იმისთვის,რომ არის ჟურნალისტი", - ამბობს "ნეტგაზეთის" რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე.
- შეგახსენებთ, რომ დღეს მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეიცვალოს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, რადგან, იურისტები ამბობენ, რომ სამართლებრივად მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია. გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.