თავდასხმა ბიტებით და მაჩეტებით - რას ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

22.02.25 17:34
თავდასხმა ბიტებით და მაჩეტებით - რას ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

ბეისბოლის ბიტით და ხანჯლით შეიარაღებული პირები, რომლებიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობიდან წამოსული საპროტესტო მარშის მონაწილეებს გუშინ თავს დაესხნენ, დიღმის მთავარ სამმართველოსი იმყოფებიან. ამ წუთებში ნიკოლოზ ჭკუასელთან და ანდრო სირაძესთან მათი უფლებადამცველი შედის.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ დაკავებულების მონახულებამდე განაცხადა, ჯერ საქმის მასალებს არ გაცნობია და უჭირს კონკრეტულად საუბარი, თუმცა ამტკიცებს, რომ კადრებში ვერ ხედავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის. 

ჯერჯერობით არაფერი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, გარდა იმისა, რომ ტელევიზიებში გავრცელდა, რომ ეს ადამიანები დააკავეს. თუ რას ედავებიან, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ მაქვს და შესაბამისად მერე სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ, რომ მაქსიმალურად მათი ინტერესები იყოს დაცული და არანაირად არ შეილახოს მათი ინტერესები. ხელს არ იქნევს, ფეხს არ იქნევს, არაფერს არ იქნევს. მე, რა კადრებიც ვნახე იქ არ ჩანს არაფერი", ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში საპროტესტო მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებს თავს 2 პირი დაესხა, ერთი ხანჯლით შეიარაღებული იყო, მეორე ბიტით. 

დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შეირაღებულ თავდამსხმელებს გიორგი მამუჩიშვილი არ აკავებს და დანაშაულის ადგილის დატოვების საშუალებას აძლევს.

ვიდეომასალით დგინდება, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი თავად პოლიციელზეც კი ძალადობს, თუმცა რეაგირება ამას არ მოჰყოლია.