არსებობს თუ არა ივანიშვილის სხვა ჩანაწერებიც?
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოლიგარქის შიშებზე საუბრობს. როგროც გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია, რადგან არ იცის მისი მიალიარდების ყოფილ მმართველს აქვს თუ არა მის წინააღმდეგ კიდევ რაიმე სახის დამატებითი მტკიცებულება.
ბაჩიაშვილი ამ საკითხზე მოკლე კომენტარს აკეთებს და ამბობს: "ივანიშვილს აქვს საშიშროება, რომ სხვა ჩანაწერებიც შეიძლება იყოს ჩემსა და მას შორის ნასაუბრები".
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ოლიგარქისა და მისი მიალიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის გასაჯაროებას მთელი საქართველო უკვე ერთი წელია ელოდება.
"შაბათის ეთერის" ხელშია ასევე ოლიგარქ ივანიშვილის დაკითხვის ოქმი.
- გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.