ჩხრეკა კომენტატორის სახლში - ნატო ცნობილაძე დეტალებს ყვება

24.02.25 22:05
ჩხრეკა კომენტატორის სახლში - ნატო ცნობილაძე დეტალებს ყვება

სანდრო ცნობილაძის შვილი ნატო ცნობილაძე "ტვ პირველის" ეთერში დღეს ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე ჰყვება - მისი თქმით, ჩხრეკას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 6 წარმომადგენელი აწარმოებდა, რომლებმაც სახლიდან ლეპტოპები, დისკები და კომპიუტერის პროცესორი ამოიღეს.

ნატო ცნობილაძე ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებებს მისი ხანშიშესული ბებიაც ესწრებოდა, რომელიც ცუდად გახდა და ქალის ემოციური მდგომარეობა ახლაც მძიმეა. 

კომენტატორის შვილი მამისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ დღევანდელი სწორედ მის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება. 

მე ვიყავი სამსახურში და ჩემი ძმისგან მივიღე ზარი და გამოვიქეცი სახლში, იმიტომ რომ მითხრა, რომ მიმდინარეობდა ჩხრეკა. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე მიმდინარეობდა ეს ჩხრეკა. სახლში დამხვდა დაახლოებით 5 ან 6 პიროვნება, ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ ცოტა დაბნეული ვიყავი მეც. ჩხრეკა დასრულებული იყო, ამოღებული ჰქონდათ ლეპტოპები, დისკები და კომპიუტერის პროცესორი. ადვოკატი იმყოფებოდა უკვე ადგილას. ეს იყო ყველაზე ცუდი გამოცდილება, რაც კი ოდესმე შეიძლებოდა მქონოდა. ის, არც დღეს მოხდა ამას ვერც წარმოვიდგენდი ვერასდროს, იმიტომ, რომ მე ვიცი მამაჩემი რა პიროვნებაც არის და ჩემთვის არის წარმოდგენილი, რომ სანდრო ცნობილაძეს, მამაჩემს, რომელსაც იცნობს ყველა, რომლის ხმაზეც გაიზარდა ხალხი, რომელსაც მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია და არ აქვს არანაირი ნასამართლობა, რანაირად შეიძლებოდა, რომ სანდრო ცნობილაძის სახლში მომხდარიყო ეს ყველაფერი და აბსურდულია ის, რაშიც მამაჩემს სდებენ ბრალს.

რომ მოვედი, ბებიაჩემი ცუდად იყო. 82 წლის არის და მის თავს მსგავსი რამ არასდროს მომხდარა მიუხედავად იმისა, რომ ბებიაჩემი მთელი ცხოვრებაა ქვეყნის თავისუფლებისთვის დგას. ის, რაც ვიდეო ჩანაწერში ვნახე, ჩემთვისაც ემოციური იყო. როდესაც მოვედი სახლში ამ ადამიანებს საგამოძიებო მოქმედებები დამთავრებული ჰქონდათ და ადვოკატთან საუბრობდნენ. მოქმედებები მიდიოდა ბებიაჩემის ნერვიულობის ფონზე. ისეთ მდგომარეობაშია ქალი, ახლაც რთულია მასთან კომუნიკაცია.

მამაჩემის პოზიცია ამ რეჟიმთან დაკავშირებით არის კრიტიკული. ჩემი აზრით, ამან გამოიწვია ის ყველაფერი, რაც მოხდა. ბრალდება არის სრულიად აბსურდული. პირველი ადამიანი მე ვარ, ვინც ქალების უფლებებს ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს. შესაბამისად, ჩემთვისაც და საზოგადოების უზარმაზარი ნაწილისთვის წაკითხული ბრლადება აბსურდულია. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ დააშინონ საჯარო ფიგურები და ეს სხვებისთვის სამაგალითო იყოს". - განაცხადა ნატო ცნობილაძემ. 

ცნობისთვის, დღეს, 24 თებერვალს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მათივე მტკიცებით, ჩხრეკა დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე ჩატარდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით.

თავად ჟურნალისტი გამომძიებლების ვიზიტს მის სამოქალაქო პოზიციას და პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.